2014-07-08

საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ყოველი წლის 17 ივლისს აღნიშნავს საერთაშორისო მართლმსაჯულების მსოფლიო დღეს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების დღე, რამეთუ ეს დღე მსოფლიოში აღიარებულია საერთაშორისო სისხლის მართლმსაჯულების სისტემის დაბადების დღედ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოსაწერად 1998 წლის 17 ივლისს რომში გაიხსნა. დღეს მასში მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვმა 120 გადააჭარბა.

17 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ თარიღთნ დაკავშირებით გაიმართება რიგით მე-4 სტუდენტური კონფერენცია თემაზე „საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები“.

სტუდენტების მიერ კონფერენციაზე წარსადგენად დამუშავებული ნაშრომები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
  • შეწყალება და საერთაშორისო სისხლის სამართალი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების/მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულების ჩადენისთვის;
  • გარდამავალი მართლმსაჯულება.
საუკეთესო სტუდენტური ნაშრომები დაიბეჭდება საერთაშორისო სამართლის ჟურნალში.
კონფერენციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მასპინძლობს.

კონფერენციაზე დასწრებისა და გამომსვლელთა მიერ წარმოდგენილი თემების გარშემო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრირებისთვის დაგვიკავშირდით: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge 

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ I კორპუსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია (107-ე აუდიტორია).


Print

« იხ. ყველა სიახლე