2014-04-25

ეროვნული კონფერენცია - მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები

მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები
ეროვნული კონფერენცია
თბილისი, 26 აპრილი, 2014 წ.

საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციის მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისე ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ჭრილში .

დავას არ იწვევს, რომ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მხოლოდ ცალკე მდგომი დანაშაული არ არის. ეს დანაშაული საფუძველშივე აზრს უკარგავს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას. მიზეზი კი მარტივია: ადამიანის თავისუფლების უარყოფა და მისი მონურ მდგომარეობაში ჩაყენება წინაპირობაა მისთვის უფლებების აყრისა და შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული უნივერსალური თუ რეგიონული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ნებისმიერი უფლების უგულებელყოფისა.                           

მიგრაცია კი მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომელიც როგორც სამართლის, ისე მრავალი სხვა დარგის სპეციალისტთა ფართო ინტერესს იმსახურებს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების დაცვისა თუ დადებითი ან უარყოფითი ეკონომიკური გავლენის ჭრილში.

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული კონფერენციის მიზანია მიგრაციის მართვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება.

კონფერენციის თემად შერჩეული საკითხების დისციპლინათშორისი ხასიათის გამო მასში სამართლის სფეროში მომუშავე მკვლევარებთან ერთად მონაწილეობის მიღება მომიჯნავე სფეროების მკვლევარებსაც შეუძლიათ.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:
  • მიგრაცია და განვითარება;
  • არარეგულარული მიგრაციის თავისებურებანი;
  • გენდერი და მიგრაცია;
  • ადამიანის უფლებების დაცვა და მიგრაციის მართვა;
  • თანამედროვე გამოწვევები მიგრაციის მართვის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებისას;
  • ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივი თავისებურებანი ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთან მუშაობის სამართლებრივი და სოციალური თავისებურებანი;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივი დეფინიციის საკითხი;
  • მონაცემთა დაცვა მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ჭრილში.

ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის სამართლებრივ, ისევე როგორც სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში განხილვისას კონფერენცია ამ მოვლენათა სოციალური ტრანსფორმაციის პროცესზე მომხდარ გავლენაზე გაამახვილებს ყურადღებას. ავტორებს საკუთარი ინტერესის ჭრილში შეუძლიათ კონფერენციის ძირითად მიმართულებათა რამდენიმე ან ერთი საკითხის შერჩევა.
 
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, აკადემიის წარმომადგენლებსა და კონფერენციის თემებზე მომუშავე პრაქტიკოს სპეციალისტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის აბსტრაქტი, არაუმეტეს 500 სიტყვისა, ელექტრონულ მისამართზე: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge არაუგვიანეს 2014 წლის 17 მარტისა.  

აბსტრაქტების განხილვისას მნიშვნელობა მიენიჭება შერჩეული თემის აქტუალობასა და კვლევის შესაძლო შედეგების პრაქტიკულ მნიშვნელობას.

კონფერენციისთვის წარმოდგენილი აბსტრაქტების შერჩევა და კონფერენციის მოდერირება აკადემიური წრეების, შესაბამისი სახელმწიფო, არასამთავრობო და სახელმწიფოთშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ განხორციელდება.

კონფერენციაზე წარსადგენად შერჩევის შემთხვევაში ავტორმა უნდა წარმოადგინოს მოხსენება არაუმეტეს 5,000 სიტყვისა, აკადემიური წერისა და ციტირების სტანდარტების დაცვით, არა უგვიანეს 17 აპრილისა.

კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შერჩეული სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს აკადემიური ჯილდოები, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
თსუ II კორპუსი, ოთახი 115
ელექტრონული ფოსტა: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე