2010-05-18

თსუ ადმინისტრაციის მიერ 2009 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში

      2009 წელს თსუ ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავდა ბიუჯეტის შედგენა-შესრულების, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების, პერსონალის და მატერიალური რესურსების  მართვის, სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ორგანიზაციის, ხარისხის უზრუნველყოფის, სამეცნიერო კვლევების გაღრმავების, საგარეო ურთიერთობების განვითარების და სხვა მიმართულებებით.
   თსუ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდა ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად  და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით წარედგინა წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად 2008 წლის დეკემბრის   თვეში, ანუ წესდებით დადგენილ ვადაში.  
   2009 წლის ბიუჯეტში, წინა წლებისაგან განსხვავებით,   ფაკულტეტების ბიუჯეტში ცალკე გამოყოფილ თანხებს: ძირითადი შტატის  აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული და მომსახურე პერსონალის, კონტრაქტით და საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პერსონალის შრომის ანაზღაურების, აგრეთვე მივლინების, სასწავლო პრაქტიკის, სამეცნიერო ექსპედიციების, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შეძენის და სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სხვა ხარჯებს, დაემატა აკადემიური პერსონალის ხელფასზე დანამატი, სამეცნიერო ხარჯები,   წარმომადგენლობითი ხარჯები, ნიჭიერ სტუდენტთა წახალისების ფონდი და სტიპენდიები. ამით გაგრძელდა წინა პერიოდში გამოკვეთილი კურსი ფინანსური რესურსების განკარგვაში ფაკულტეტებისათვის სულ უფრო მეტი უფლებების დელეგირების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავდა აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების მოწესრიგება-რაციონალიზაციას, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და სწავლების მოტივაციის ამაღლებას.
    უნდა აღინიშნოს, რომ ასეთმა მიდგომამ საერთო ჯამში უდაოდ იქონია პოზიტიური ეფექტი.  ერთის მხრივ, ამაღლდა ფაკულტეტების ავტონომიურობის ხარისხი და პასუხისმგებლობა ბიუჯეტის პრიორიტეტული მუხლების ხარჯვითი  მიმართულებების მიმართ. მეორეს მხრივ, სახელფასო დანამატების განაწილების თავდაპირველად  შემუშავებული მექანიზმი ვერ აღმოჩნდა სათანადოდ მოქნილი და მოითხოვა გარკვეული ტრანსფორმაცია. ამიტომ, 2009 წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატის თანხა დაემატა შრომის ანაზღაურების ფონდს და განაწილდა ფაკულტეტების მიერ რანჟირებულ აკადემიურ პერსონალზე ხელფასებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული რანჟირების წესით. თუმცა, 2009 წლის 1 სექტემბრიდან მოქმედი კანონმდებლობით ემერიტუსის წოდების შემოღებასთან დაკავშირებით, 2010 წლის ბიუჯეტში კვლავ გახდა საჭირო ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის დარიცხვის მექანიზმის კორექტირება.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ემერეტუსის ხარჯებმა საანგარიშგებო წელს თითქმის ორმოცი ათასი ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტში 120 ათასამდე ლარია ამ მიზნით გათვალისწინებული.
    2009 წლის ბიუჯეტში, სხვადასხვა საუნივერსიტეტო სტუდენტური ღონისძიებებისათვის  გამოყოფილი იყო 200 ათასი ლარი. გამოყოფილ თანხებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, განკარგავდა თსუ სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებთან გაცვლით პროგრამებში, სპორტულ, კულტურულ-სანახაობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, ასევე წიგნების, სასტამბო-საგამომცემლო მომსახურების და სხვა სახის მომსახურების შესაძენად  გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯებმა სულ შეადგინა  230 000 ლარი.
   უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში” უნივერსიტეტს გამოუყო 836 132 ლარი, რომელიც გათვალისწინებული იყო X, XI, კორპუსებში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, ბიბლიოთეკის გათბობის მოსაწყობად და სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებისათვის ინვენტარის შესაძენად.  ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საკასო ხარჯმა შეადგინა 755 707 ლარი. აღნიშნული თანხიდან XI კორპუსისის სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა 518 040 ლარი, X კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე 96 206 ლარი, ბიბლიოთეკის გათბობის მოსაწყობად 41 574 ლარი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულებისათვის ინვენტარის შესაძენად 99 885 ლარი.
სწორი ფინანსური მენეჯმენტის განხორციელების, ფინანსური რესურსების დაზოგვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის, ასევე, სახსრების ეკონომიისა და შემოსავლების ზრდის ხარჯზე 2009 წლის ბიუჯეტში შესაძლებელი გახდა ორი მილიონი ლარის გათვალისწინება აკადემიური პერსონალის საბაზო ხელფასის დიფერენცირებული მატებისათვის.  
           2009 წლის განმავლობაში ეკონომიური საქმიანობიდან  მიღებული შემოსავლების ფარგლებში  შესყიდვების განსახორციელებლად  გეგმით განსაზღვრული იყო 4 491 608 ლარი.  წლის განმავლობაში აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში  გამოცხადდა 10 ტენდერი. შესყიდვების განხორციელებისთვის დახარჯულმა თანხამ შეადგინა 3 289 505 ლარი, მათ შორის ტენდერის საშუალებით _ 834 767 ლარი, ფასთა კოტირებით _ 111 480 ლარი, ხოლო ერთ პირთან მოლაპარაკებით _ 2 343 257 ლარი.
  2009 წელს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ჩატარდა 1 ტენდერი და 2 ფასთა კოტირება. შესყიდვებზე დახარჯულმა თანხამ სულ შეადგინა    316 432 ლარი.
   საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში 2009 წელს   ჩატარდა 1 ტენდერი და 2 ფასთა კოტირება. სულ დახარჯულმა თანხამ შეადგინა 755 797 ლარი, მათ შორის ტენდერის საშუალებით _ 518 130 ლარი, ფასთა კოტირებით _ 106 046 ლარი, ხოლო ერთ პირთან მოლაპარაკებით _ 131 620 ლარი.
    საერთაშორისო გრანტებით მიღებული დაფინანსებით განხორციელებულმა შესყიდვებმა შეადგინა 182 120 ლარი. ყველა შესყიდვა განხორციელდა ერთ პირთან მოლაპარაკებით.
   2009 წელს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საერთაშორისო  სამეცნიერო გრანტების მომსახურებას,  მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშგებების მომზადებას, სათანადო ფონდებსა და დონორ ორგანიზაციებში წარდგენას. 2009 წელს უნივერსიტეტში ერთდროულად  მუშავდებოდა 112 საგრანტო პროექტი. მათ შორის: 57 _ ეროვნული სამეცნიერო ფონდის, 19 _ რუსთაველის ფონდის და 36 _ საერთაშორისო.
     უნივერსიტეტში დროულად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა ხელფასებისა და სხვა ფულადი სახსრების გაცემა. დიდი ყურადღება ექცეოდა დებიტორ-კრედიტორულ და ანგარიშვალდებულ პირებზე დავალიანებათა შემცირების საკითხს. სისტემატურად მიმდინარეობდა სალაროსა და საწყობის მოულოდნელი შემოწმებები, სადაც მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დროულად და ხარისხიანად ხდებოდა კვარტალური და წლიური ბალანსების ჩაბარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის ბალანსზე, საშემოსავლო გადასახადში, 2004 წლიდან მოყოლებული ირიცხებოდა უიმედო ზედმეტობა მილიონი ლარის ოდენობით. საფინანსო დეპარტამენტის ძალისხმევით, ურთულესი პროცედურების გავლის შემდეგ, აღნიშნული თანხა დაუბრუნდა უნივერსიტეტს.
შეფერხებების გარეშე ფინანსდებოდა  მნიშვნელოვანი სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, საიუბილეო ღონისძიებები და სხვა. მოწინავე სტუდენტები უზრუნველყოფილნი იყვნენ 150 ლარიანი სტიპენდიით. სულ 570 წარჩინებულ სტუდენტზე გაიცა სტიპენდია, მათ შორის 280 სტუდენტზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. ასევე მაგისტრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის 30% - ზე მეტი, უნივერსიტეტის სახსრებით იქნა დაფინანსებული.
   განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ უნივერსიტეტში ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია.  შედეგად, ვერ ვფლობდით ზუსტ ინფორმაციას ქონების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ, მოუწესრიგებელი და, შეიძლება ითქვას, ქაოსი იყო ძირითადი საშუალებებისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვაში, მათ აფასებაში და, აქედან გამომდინარე ჩამოწერაში. აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით, 2007 წელს დაიწყო და საანგარიშგებო წელს ძირითადად დასრულდა  ინვენტარიზაციის მეტად შრომატევადი და რთული პროცესი. აღწერილი ქონება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი  ბუღალტრულ დოკუმენტაციასთან. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახორციელებს პრობლემის სამართლებრივი და ეკონომიკური მოგვარების დეტალურ ღონისძიებებს. ქონების აფასებისა და ჩამოსაწერად მომზადების მიმართულებით ნაყოფიერად იმუშავა   ტენდერში გამარჯვებულმა აუდიტორულმა  კომპანიამ.           აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ  2009 წლის შემოდგომაზე დაიწყო და ამჟამად დანერგვის სტადიაზეა ,,ორის მენეჯერის“ შესყიდული პროგრამა, რაც არსებითად გააუმჯობესებს აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციის დოკუმენტწარმოების პროცესს.
    უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სერიოზული მუშაობა გასწია 2009 წლის ბოლო პერიოდში  2010 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის და დასამტკიცებლად დროულად წარდგენისათვის. საფინანსო დეპარტამენტმა უზრუნველყო საბიუჯეტო პროცესის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დროული განხორციელება და ბიუჯეტის პროექტის მომზადება. აღსანიშნავია, რომ თსუ საბიუჯეტო პრაქტიში პირველად, 2010 წლის ბიუჯეტის მიზნობრიობის ამაღლების, რაციონალიზაციის და გამჭვირვალობის  მიზნით, განხორციელდა მისი პროექტის ერთობლივ სამუშაო რეჟიმში განხილვა-შეჯერება, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტების წარმომადგენლების და  ადმინისტრაციის ფინანსური ბლოკის ორდღიან გასვლით სხდომაზე, ბაზალეთში, რამაც უდაოდ შეუწყო ხელი 2010 წლის ბიუჯეტის  დადგენილ ვადებში დამტკიცებას.
   2009 წელი გამორჩეულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსებისა და განახლების კუთხით. უნივერსიტეტის კორპუსებში  დიდი მოცულობის სამუშაოები  იქნა ჩატარებული საამშენებლო–სარემონტო – საექსპლუატაციო, სამეურნეო და მომარაგების კუთხით. I კორპუსში სარემონტო სამუშაოების გამო, აუცილებელი გახდა კორპუსის დაცლა და მასში განთავსებული  სასწავლო-აკადემიური კონტინგენტის და ადმინისტრაციის სამსახურების გადაყვანა და განთავსება  სხვა კორპუსებში. კერძოდ, ოპტიმიზაციის ხარჯზე გამონთავისუფლდა ფართები აუდიტორიებისათვის II, VI, VIII, X, XI კორპუსებში. მათ შორის აღსანიშნავია, რომ II კორპუსში მთლიანად მოხდა ცოკოლის სართულის ათვისება, სადაც იყო ადრე დასაწყობებული ძალიან დიდი რაოდენობით, შხამ-ქიმიკატები, ლითონის სეიფები, გამოუყენებელი ინვენტარი, მოწყობილობები  და მასალები. მოხდა ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების განეიტრალება-გაუვნებელყოფა შესაბამისი წესით, ხოლო კორპუსში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩამოსაწერი ინვეტარი გადაიზიდა და დასაწყობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე. შედეგად  მივიღეთ ახალი გარემონტებული აუდიტორიები და სამუშაო ოთახები 19 სამსახურისათვის, რომლებიც შეივსო ასევე ახალი ინვენტარით და მოწყობილობებით. ანალოგიური სამუშაოები საკუთარი ძალებით  განხორციელდა უნივერსიტეტის სხვა კორპუსებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
   ფაქტობრივად უნივერსიტეტში მთელი წლის განმავლობაში არ შეჩერებულა სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები: გარემონტდა და კეთილმოეწყო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები, შესასვლელი ფოიეები, დერეფნები, ფასადები. შეკეთდა დაზიანებული სახურავები იმ მონაკვეთებზე რომლებიც საჭიროებდნენ სასწრაფოდ რეაბილიტაციას. კერძოდ, საუნივერსიტეტო  ბიბლიოთეკის, II, V, VIII, X, კორპუსებზე, საერთო ფართით - 2250 მ2. თანადაფინანსებით გარემონტდა რუმინეთის სახელობის აუდიტორია და  ფართი მაღლივ კორპუსში ტურიზმის საერთაშორისო სკოლისათვის.
    ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში სექტემბრის შემდეგ დაიწყო და წლის ბოლომდე ძირითადად დასრულდა X და XI კორპუსებში  სარემონტო სამუშაოები: სარემონტო სამუშაოები XI კორპუსში შესრულდა დაახლოვებით - 7500 მ2 ფართზე (,,ბ“ ბლოკის II, V, VII სართული და  მინაშენი); შედეგად  მივიღეთ: 60 - ახალი გარემონტებული ოთახი, მათ შორის: 37 – აუდიტორია, 12 - კომპიუტერული კლასი და ერთი რესურსცენტრი; ასევე 38  სამუშაო ოთახი, ძირითადად აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრციისათვის, რომელიც მიმდინარე წელს დაკომპლექტდა შესაბამისი ინვენტარით. ამრიგად ახალ სასწავლო სემესტრს სტუდენტები შეხვდნენ ახალ გარემონტებულ გარემოში.
   აღსანიშნავია, რომ XI კორპუსის ,,ბ“ ბლოკში, სადაც მიმდინარეობდა  სარემონტო სამუშაოები და დამატებით იყო განთავსებული I და X კორპუსებიდან გადმოყვანილი 1200 სტუდენტი, ისე აიგო სარემოტო სამუშაებისა და მეცადინეობის განრიგი, რომ სასწავლო პროცესი და კვლევითი სამუშაოები არ შეფერხებულა.
სარემონტო სამუშაოები შესრულდა უმოკლეს ვადაში _ 2.5 თვის მანძილზე. პარალელურად, იგივე ვადებში წარიმართა X კორპუსში მე - II, V, და VII სართულებზე სარემონტო სამუშაოები დაახლოვებით  2100 მ2 ფართზე. I და II სართულებზე და  სპორტულ დარბაზში კი მოეწყო  გათბობის ახალი სისტემა, რითაც მოგვარდა  მთელი კორპუსის გათბობის საკითხი. გადაიხურა ამავე კორპუსის სპორტული  დარბაზი (700 მ2), მალე დასრულდება სარემონტო სამუშაები  და მოეწყობა  თანამედროვე სპორტული დარბაზი.
   2009 წელს პირველად განხორციელდა  VIII კორპუსის გაზიფიცირება და დამონტაჟდა გათბობის სისტემა. ასევე, ბიბლიოთეკის კორპუსში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, გაკეთდა  ახალი ჭერი, ფართი შეივსო საჭირო ინვენტარით და მოეწყო საგამოცდო ცენტრი 1200 სტუდენტზე, რის შედეგადაც შესაძლებებელი გახდა ერთიანი შიდა გამოცდების ჩატარება.
    საერთო ჯამში 2009 წელს გარემონტდა 110-ზე მეტი აუდიტორია, კორპუსების შესასვლელი ფოიეები, ფასადები, კორპუსებში სავალალო მდგომარეობაში მყოფი კიბეები, 65-ზე მეტი სამუშაო ოთახი აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციისათვის. გარემონტებული სასწავლო-სამუშაო ფართი შეადგენს დახლოებით 22 500 კვ. მეტრს.
    გადაწყდა ბაგების სტუდ-ქალაქში ელექტრომოწყობის, კანალიზაციის, სახურავის საკითხები, შეიცვალა  დაახლოვებით 1900 მ2 დაზიანებული მინა, მოწესრიგდა და დასუფთავდა ეზო და მიმდებარე ტერიტორია, გადატანილ იქნა ტერიტორიიდან  სამარშრუტო  მიკროავტობუსების გაჩერება.
2009 წელს შეძენილია 293967 ლარის საერთო ღირებულების  კომპიუტერული ტექნიკა და მოწყობილობა; კომპიუტერი(175ც), პრინტერი, სკანერი, პროექტორი, ასლგადამღები, სერვერი, აქსესუარი და სხვა,  რომელებიც განაწილდა ფაკულტეტებისა და სამსახურების მოთხოვნებისა და საჭიროების შესაბამისად. ფაკულტეტები და აუდიტორიები დაკომპლექტდა თანამედროვე ტიპის სტაციონალური და მოძრავი პროექტორებით, აუდიტორიებში (ასზე მეტი სტუდენტისათვის) დამონტაჟდა გახმოვანების აპარატურა და ვიდეოკამერები, საიდანაც შესაძლებელია ლექციების ტრანსლირება. ფაკულტეტებს გადაეცათ და კორპუსებში დამონტაჟდა, როგორც საინფორმაციო, ასევე ცხრილებისათვის საჭირო ახალი თანამედროვე ტიპის   სტენდი (80 –ზე მეტი), საინფორმაციო ფირნიშები, აბრები. II, VI, V, და X კორპუსებში, ანუ ყველა ფაკულტეტზე, სტუდენტთა მომსახურეობისთვის დაიდგა ქსეროქსის აპარატები, წლის განმავლობაში შეძენილი იქნა და II, V, X კორპუსებში სტუდენტთა ინფორმირებისათვის დამონტაჟდა მონიტორები. სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის მიმათულებისათვის, შეძენილ იქნა  98 800 ლარის  ღირებულების მაღალი კლასის, თანამედროვე ტექნიკა.  V, VI და X კორპუსებში მოეწყო კომპიუტერული კლასები, ახალი რესურსცენტრები კი – X, XI კორპუსებში.
   შეძენილია 1800 ცალზე მეტი სხავდასხვა სახეობის სასწავლო ინვენტარი ( მერხი, მაგიდა, სკამი, კათედრა, დაფა და სხვა). დამატებით, საკუთარი ძალებით რეაბილიტირებული და განახლებულია 700 – ზე მეტი სასწავლო მერხი და 500-დე სკამი. საჭიროებისამებრ დაკომპლექტდა შეძენილი, რეაბილიტირებული და ახალი სასწავლო ინვენტარით  ყველა კორპუსის სასწავლო აუდიტორია. შედეგად, ექსპლუატაციაში ფაქტობრივად არ დარჩა ძველი ან მძიმედ დაზიანებული სასწავლო ინვენტარი.
  გარდა ამისა, მთელი წლის მანძილზე კორპუსებში არ შეფერხებულა პირველადი საჭიროების საექსპლუტაციო და შესაკეთებელი სამუშაოები (საკეტები, სანათები, კარებები, ფანჯრები, მინები, საკანალიზაციო, ელექტრო, ბაღის და ა.შ).
   კორპუსებში მოწესრიგდა და განათდა ყველა ეზო და კუთხე, გაიწმინდა და გაიმართა გათბობის სისტემები, მოცულობით დიდი კორპუსების შესასვლელებში, სითბოს შენარჩუნების მიზნით, დამონტაჟდა საკმაოდ მაღალი სიმძლავრის სითბური ფარდები. უნივერსიტეტის ყველა კორპუსში გადაწყდა გათბობის პრობლემა.
   დაწესებულია კონტროლი რესურსების ყაირათიან ხარჯვაზე. მიუხედავად იმისა,  რომ მთელ რიგ რესურსებზე მოთხოვნა სრულად კმაყოფილდებოდა და ამ კუთხით პრეტენზიები არ ყოფილა, 2008 წელთან შედარებით 2009 წელს საკანცელარიო ნივთებზე გაწეული ხარჯები შემცირდა 25%-ით, კავშირგაბმულობის ხარჯები _ 20%-ით, წყლის ხარჯი _ 40%-ით, გათბობისა და გაზის ხარჯი _ 20%-ით. უმნიშვნელო მატება ელექტრენერგიის მოხმარების და შენობა-ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების  ხარჯებში განპირობებულია, ერთი მხრივ, სტუდქალაქის ელექტროქსელის გაუმრიცხველიანებლობით და მეორე მხრივ, სტუდენტთა რაოდენობის მატებით, რითაც იანგარიშება დასუფთავების გადასახადები.   ამრიგად, საერთო ჯამში, საანგარიშგებო წელს ადგილი ქონდა რესურსების ხარჯვის მნიშვნელოვან ეკონომიას.
   უნივერსიტეტში სულ უფრო იხვეწება ურთიერთთანამშრომლობა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის. კერძოდ, კოორდინირებულად ხორციელდებოდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დელეგირებულ სასწავლო გრანტის მფლობელ სტუდენტთა რეგისტრაცია, საგრანტო პირობების ცვლილებების აღრიცხავა, სტუდენტთა მიგრაციის დაფიქსირება, სამინისტროსთან ხელშეკრულების პროექტების მომზადება გრანტის გადმოცემის თაობაზე,  საშტატო განრიგში და  სახელფასო ფონდში კორექტივების შეტანა, ფაკულტეტების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა და სხვა.
   საანგარიშგებო წელს კიდევ უფრო გააქტიურდა და გაღრმავდა უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობები და შემოქმედებითი კავშირები. პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან გაფორმდა 18 ხელშეკრულება. წარმატებით ხორციელდებოდა თსუ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა. ამ მიზნით ორგანიზებულ იქნა 12 კონკურსი. გავრცელდა 200-ზე მეტი განცხადება სხვადსხვა კონკურსების, კონფერენციებისა და სემინარების შესახებ, გამოიცა სპეციალური ბროშურა, რეგულარულად მიეწოდებოდა ინფორმაცია ვებ-გვერდის, ფაკულტეტების და სტენდების მეშვეობით. თსუ-ში გაცვლითი პროგრამით მიღებულია 10 საზღვარგარეთული უნივერსიტეტის _ 1 პროფესორი, 3 დოქტორანტი, 16 მაგისტრანტი და ბაკალავრი. კოორდინირებულია 11 საგანმანათლებლო პროგრამა და 5 საერთაშორისო პროექტი, მინიჭებულია 8 საპატიო დოქტორის ტიტული. მოეწყო 6 საგანმანათლებლო ღონისძიება, მათ შორის, თსუ ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ინგლისური ენის შესწავლის პროექტი _,,ინგლისური პროფესიული მიზნებისათვის“_ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით. მომზადებულია თსუ რექტორის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 21 საქმიანი ვიზიტი უცხოეთში, ორგანიზებულია 38 უცხოური დელეგაციის და წარმომადგენლის მიღება თსუ-ში.
   ინტენსიურად მიმდინარეობდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო/სამეცნიერო დაწესებულებებთან,  მასმედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან. რეგულარულად ეწყობოდა პრესრელიზები, მიეწოდებოდა საინტერესო თემები მედიასაშუალებეს, ხდებოდა მასალების მიხედვით რესპოდენტთა შერჩევა, უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა საინტერესო მოვლენებზე ექსკლუზიური სიუჟეტების შეთავაზება. საერთო ჯამში გაშუქებულ იქნა და მიეწოდა საზოგადოებას ინფორმაცია 40-ზე მეტ მნიშვნელოვან საუნივერსიტეტო ღონისძიბასა და მოვლენაზე.
  ისე როგორც გასულ წლებში, საანგარიშგებო წელსაც, შემოქმედებითად და ნაყოფიერად იმუშავა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციამ. გამოიცა გაზეთის 8 ნომერი. Gგაზეთმა კიდევ უფრო გააფართოვა თავისი სტრატეგია სტუდენტური ინიციატივების, ღონისძიებების, ახალგაზრდული შემოქმედებითი ორგანიზაციების მუშაობის და საჭიროებების ვრცლად წარმოჩენით და გაშუქებით. შემოტანილია ახალი რუბრიკები, რომლებიც ხელს უწყობს ადმინისტრაციის დაახლოებას, როგორც სტუდენტურ მოვლენებთან, ისე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებში მიმდინარე პროცესებთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემულად რჩება გაზეთის საუნივერსიტეტო სივრცის გარეთ გატანა და საზოგადოების ფართო წრეებში გავრცელება.
   დიდი ყურადღება ექცეოდა შემოსულ კორესპოდენციაზე ოპერატიულ რეაგისრებას. 2009 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში სულ რეგისტრირებულია 53969 კორესპონდენცია.  აქედან შემოსულია _ 31227, ხოლო გასულია 20801 კორესპონდენცია, გამოცემულია 5372 ბრძანება, გაფორმებულია 7086 ხელშეკრულება. წინა წელთან შედარებით ადგილი აქვს კორესპონდენციის, ბრძანებებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების  არსებით მატებას, რაც განპირობებულია სტუდენტთა მობილობის და მივლინებების რაოდენობის ზრდით, აგრეთვე, საათობრივი წესით მოწვეულთა ხელშეკრულებების,  პედაგოგთა ხელშეკრულებების და შესყიდვების  ზრდით. გასული წლის განმავლობაში კანცელარია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დოკუმენტების არქივირების პროცესს, ყველა ფაკულტეტზე და სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რამაც საშუალება მოგვცა მოგვეხდინა მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების აღწერა, ექსპერტიზა, მოწესრიგება, საქმეებად ფორმირება და არქივისათვის გადაცემა. კანცელარიაში შეიქმნა და დანერგილია საქმის ელექტრონული წარმოება.
Print

« იხ. ყველა სიახლე