2013-04-16

სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“

2013  წლის 30-31 მაისს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევები“, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი ისტორიკოსის  რევაზ კიკნაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.
წარმოდგენილი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს როგორც საქართველოს ისტორიას, ასევე მსოფლიო ისტორიას, როგორც  წინა მოდერნის, ასევე მოდერნის ეპოქის, მათ შორის, უახლესი ისტორიის პრობლემატიკას. ერთადერთი შეზღუდვა არის  მოხსენების ფოკუსი: ის უნდა იყოს აუცილებლად წყაროთმცოდნეობითი ან ისტორიოგრაფიული.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, სხვა სამეცნიერო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერ-მკვლევრებს, აგრეთვე, შესაბამისი პროფილის დოქტორანტებსა და მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მხოლოდ გამონაკლისის სახით, ასევე სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისტორიის პროფილის მაგისტრანტებს.
კონფერენციის სამუშაო ენა ქართულია. მოხსენების რეგლამენტია 15 წუთი.
კონფერენციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თეზისები და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ (სამუშაო ადგილი/სასწავლებელი, სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, ტელეფონი) გადმოაგზავნოთ შემდეგ ორივე მისამართზე:
chkharti@georgianstudies.ge
sopo_kadagishvili@yahoo.com
თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს  ერთ ნაბეჭდ გვერდს (ფონტი სილფაინი, ფონტის ზომა 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5).
თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 25 აპრილი.
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2 მაისისა.
კონფერენციას არა აქვს სარეგისტრაციო გადასახადი. მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ თეზისების წიგნს, ხოლო მოხსენებათა სრული ტექსტები სათანადო რეცენზირების შემდგომ უფასოდ დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მე-15 ტომში.


საორგანიზაციო ჯგუფი
Print

« იხ. ყველა სიახლე