2019-08-13

კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა

თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამა აცხადებს მიღებას. იგი მომზადებულია ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) კონფლიქტის ანალიზისა და გადაჭრის ინსტიტუტთან თანამშრომლობის შედეგად და შეესაბამება ამ ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამას.
კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც საშუალებას იძლევა პროგრამის კურსდამთავრებულებს გამოუმუშავდეთ უნარ-ჩვევები სხვადასხვა დონის კონფლიქტების მოგვარებისა და პრევენციისთვის.
კონფლიქტოლოგიის მაგისტრების დასაქმების სფერო ვრცელია. მათ შეუძლიათ იმუშაონ სამთავრობო და კერძო ორგანიზაციებში, ადგილობრივ თემში, სასწავლო დაწესებულებებში, ყველა სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენცია, მოგვარება, მართვა. ამ სპეციალობის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ჩაერთონ საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებასა და პრევენციაში.
დამატებითი კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს შეუძლიათ გახდნენ სერტიფიცირებული მედიატორები.
სამაგისტრო პროგრამის გავლის მსურველს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის ხარისხი. პროგრამა ინტერდისციპლინარულია და მასზე ჩაბარება შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ პირს. სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის მაგისტრანტს, გარდა შიდა გამოცდის ჩაბარებისა, მოეთხოვება მინიმალური გამსვლელი ქულების მიღება საერთო სამაგისტრო ეროვნულ გამოცდებზე.
აღნიშნული სამაგისტრო სპეციალობის კურსდამთავრებულსმიენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სფეროში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 
577943953,
577431617,
599906154.

Print

« იხ. ყველა სიახლე