2020-06-08

ესსეების კონკურსი თემაზე "ნარჩენების მართვა"

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე ნარჩენების მართვა, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი.
ესსეების სათაურებია:
1. „ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა“
2. „საზოგადოების როლი ნარჩენების მართვაში“.
ესსე „ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
უნდა აღიწეროს რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ნარჩენების (საყოფაცხოვრებო ნარჩენების) მართვის ეფექტიანი სისტემის დასანერგად, განსახორციელებელი/განხორციელებული ქმედებები, უკვე მიღებული/ მისაღები დადებითი ან უარყოფითი შედეგები, ანალიზი, დასკვნებით და რეკომენდაციებით.
ესსე „საზოგადოების როლი ნარჩენების მართვაში“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
უნდა აღიწეროს როგორია დღეისათვის საზოგადოების როლი, რა უფლება - მოვალეობები აქვს საზოგადოებას ნარჩენების მართვაში; რა უნდა გაკეთდეს და/ან არ უნდა გაკეთდეს (განვითარებული ქვეყნების გამოცდილება) ეფექტიანი დადებითი შედეგის მისაღწევად: გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ადამიანებისათვის ეკონომიკური (მათ შორის, სიღარიბის დაძლევისათვის) სარგებელი, ჯანმრთელობის მხრივ სარგებელი და ა.შ. რა ქმედებები უნდა განხორციელდეს საზოგადოების მხრიდან ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების მიზნით. სასურველია შემოთავაზებული იქნეს საგანმანათლებლო/ცნობიერების
ამაღლებისათვის განკუთვილი მასალა, საზოგადოების რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.
რა შეიძლება იყოს საქართველოს წვლილი ნარჩენების შემცირების გლობალურ სტრატეგიაში? როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების ჩამოყალიბებას საქართველოში? სად არის პოლიტიკოსების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ საქმეში? საუკეთესო გამოცდილების მაგალითი.
თემა მოიცავს შემდეგ კონტექსტს:
მოკლე ინფორმაცია ნარჩენების მართვისა და მისი მნიშვნელობის შესახებ: ნარჩენების მართვა - „ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი დამუშავება, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა და ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი მოვლა” (ნარჩენების მართვის კოდექსი).
მნიშვნელობა: მყარი ნარჩენების მართვა მზარდ გარემოსდაცვით და ფინანსურ პრობლემას წარმოადგენს ყველა განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია ნარჩენების წარმოქმნის ზრდა. ნარჩენების არასწორი მართვა, უკონტროლოდ განთავსებული საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენები და/ან შესაბამისი სტანდარტების გარეშე არსებული ნაგავსაყრელები აბინძურებს ნიადაგსა და წყალს, ხოლო ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გახრწნის შედეგად წარმოქმნილი მეთანი, უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილების პროცესებზე.
დღეისათვის ნარჩენების მართვის სექტორში მოქმედი კანონმდებლობა და სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით (ხელმოწერილი 2014 წ.) გათვალიწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.
ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ნარჩენების მართვა ქვეყანაში უნდა განხორციელდეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე.
ქვეყანა მიისწრაფვის, რომ ნარჩენების მართვის სისტემა შემუშავდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალიწინებით; დაინერგილი იქნეს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემა (წყაროზე სეპარაცია, ნარჩენების ხელახლა გამოყენება, რეციკლირება და ა.შ), ყველა მოსახლისათვის ხელმისაწვდომი გახდეს დასუფთავების/ნარჩენების გატანის სერვისი, ეტაპობრივად დაიხუროს ყველა არსებული ნაგავსაყრელი, მოეწყოს თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელები და გადამტვირთავი სადგურები.
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე იმ უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტს - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, თბილისი , საქართველო ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 595) 335699
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებგვერდი: http://www.orkisi.ge
Facebook: Gsne Orchis

Print

« იხ. ყველა სიახლე