2014-12-26

სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თსუ-ეკო კლუბი გთავაზობთ, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში: „ჩემი თვალით დანახული ჭაობი’’.

კონკურსი ეძღვნება ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება. რეგიონში ბიომრავალფეროვნების,  გადამფრენი ფრინველებისათვის საჭირო გზის უზრუნველსაყოფად, ასეთ ტერიტორიებს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას ჭაობებით და მათ აქტიურ ჩართვას ჭაობების შესწავლასა და გამოყენებაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი დაიწყება 26 დეკემბერს და დასრულდება 24 იანვარს. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა დაამზადონ ჭაობის მოდელი ან მაკეტი და ნამუშევარს შეურჩიონ სახელი (სახელი უნდა შეესაბამებოდეს ჭარბტენიანი ტერიტორიების თემას). ნამუშევრის ამსახველი 3 ფოტოსურათი უნდა გამოიგზავნოს ელ.მისამართზე:  tsuecoclub@tsu.ge. ჭაობის მოდელის ან მაკეტის დასამზადებლად კონკურსანტებს ნებისმიერი მასალის გამოყენება შეუძლიათ.

კონკურსის დასკვნითი, მეორე ეტაპი აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებისათვის 31იანვარს თსუ-ის პირველ კორპუსში, ხოლო დასავლეთ საქართველოს სკოლებისათვის კი 1 თებერვალს  ქალაქ ფოთში ჩატარდება.

კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებულებისთვის, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სკოლებიდან, გაიმართება ექსკურსია კოლხეთის ეროვნულ პარკში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 555254355 ნანა/ 551384420 ნიკა.

Print

« იხ. ყველა სიახლე