2015-06-02

გლობალური სამოქალაქო დებატები თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

2015 წლის 5–6 ივნისს მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 10 000–მდე მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას ყველაზე დიდ საჯარო დებატებში თემაზე „კლიმატის ცვლილება“.
 
საქართველოში ღონისძიება გაიმართება 5 ივნისს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ყველა პროფესიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავიანთი აზრი გამოთქვან დედამიწაზე მიმდინარე კლიმატურ გამოწვევებთან დაკავშირებით.
 
·თუ ხართ საქართველოს მოქალაქე;
·გაინტერესებთ გლობალური კლიმატური ცვლილებების მიმდინარე პროცესები;
·გსურთ თქვენი მოსაზრება იყოს მიწოდებული მსოფლიოს ლიდერებზე;
 
მაშინ მობრძანდით და გაეცით პასუხი მსოფლიოს! – დროა დემოკრატიული ღირებულებები გახდეს ფასეული და თითოეული ადამიანის აზრი მნიშვნელოვანი.
 
ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ჩაერთონ „COP21-მხარეების კონფერენცია 21”-ის დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში.
 
COP21 – მხარეების კონფერენცია პირველად გაიმართა 1992 წელს დედამიწის სამიტზე რიო–დე–ჟანეიროში. კონფერენციაზე მიღებულ იქნა „კლიმატის ჩარჩო კონვენცია“, რომელიც თავისთავად მოიცავს გაუდაბნოებასთან ბრძოლისა და ბიომრავალფეროვნების კონვენციებს. მიღებული დოკუმენტი ძალაში შევიდა 1994 წლის 21 მარტს, რომელსაც ხელი მოაწერა 196-მა ქვეყანამ. შეთანხმების თანახმად ქვეყნებს დაევალათ გარემოში ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება 20%-ით, 1992 წელთან შედარებით. საქართველოს აქვს ვალდებულება შეამციროს ნახშირორჟანგის კონცენტრაცია თბილისსა და რუსთავში (მერების შეთანხმება).
 
ყოველწლიურად მხარეები იხილავენ მათი ვალდებულებებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგებს. 2015 წელს მხარეების კონფერენციის 21-ე შეხვედრა იმართება პარიზში, საფრანგეთი.
 
სამოქალაქო დებატების თემაზე „კლიმატის ცვლილება“ მთავარი ორგანიზატორები საქართველოში არიან CENN და გეო–ეკო ალიანსი.
 
ღონისძიების პარტნიორები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
Print

« იხ. ყველა სიახლე