2015-01-08

ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-კონკურსი 2015 მოსწავლეთა და სტუდენტთათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიურ ზამთრის სკოლა-კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის. ზამთრის სკოლის/კონკურსის მიზანია ჩვენი ქვეყნის სტუდენტ და მოსწავლე ახალგაზრდობაში ქართველოლოგიური მეცნიერებებისადმი ინტერესის გამოვლენა და ამ მიმართულების მეცნიერებებისადმი მომავალი სამეცნიერო კადრის მომზადება, მათთვის ქართველოლოგიის უახლესი ტენდენციების გაცნობა. ზამთრის სკოლა გამიზნულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა (IX-XII) და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, არაუგვიანეს 6 თებერვლისა, უნდა მოგვაწოდოს ელექტრონულ მისამართებზე - kartvcentre@hotmail.com / zamtrisskola@gmail.com - ესსე, ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი (დაახლოებით 7 გვერდი ქართულ ენაზე), საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის პრობლემატიკიდან შემდეგ მიმართულებებზე:
  • ქართული ენა და ქართველი ერი;
  • შოთა რუსთაველი;
  • ვაჟა-ფშაველადან გალაკტიონამდე
(მსურველებს შეუძლიათ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან აირჩიონ ნებისმიერი საკითხი და შეურჩიონ შესაბამისი სათაური).
სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ხელმძღვანელ-კონსულტანტად იყოლიონ მათი მასწავლებელი ან სხვა სპეციალისტი და მათი სახელი და გვარი კონსულტანტის სტატუსით მიუთითონ წარმოდგენილ ნაშრომში. მონაწილეებს შესრულებული ნარკვევის (ესსე, ინფორმაციულ-სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი) გაფორმებისთვის, ასევე ინტერესის სფეროების გამოკვეთისა და სათანადო ბიბლიოგრაფიის მოპოვებისათვის ძირითად სახელმძღვანელოდ შეუძლიათ გამოიყენონ სამეცნიერო კვლევები ჟურნალ „ქართველოლოგიდან“ – (http://kartvelologi.tsu.ge) მათ მიერ მოპოვებულ სხვა დამხმარე მასალასთან ერთად.

წარმოდგენილი ნაშრომები გადაეცემა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც გამოავლენს ფინალისტებს.  კონკურსის  წესით  შერჩეული მონაწილეები  (მოსწავლეები და სტუდენტები არაუმეტეს 20-ისა)  ფინალურ ეტაპზე შეიკრიბებიან ორი დღის ხანგრძლივობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

ფინალისტებს  პირველ დღეს  ჩაუტარდებათ  სალექციო კურსი. ცნობილი მეცნიერები გააცნობენ მათ თანამედროვე ქართველოლოგიურ მიღწევებს. მეორე დღეს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ფინალისტთაგან გამარჯვებულები წაიკითხავენ თავიანთ ნაშრომებს.  ყველა ფინალისტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი  სერტიფიკატი  და წამახალისებელი საჩუქარი, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და დიპლომებით. 

მონაწილეთა  მოხსენებებიდან   შერჩეული   ორიოდე ნაშრომი სათანადო გადამუშავების შემდეგ გადაეცემა გამოსაქვეყნებლად ორენოვან რეცენზირებად საერთაშორისო ჟურნალ „ქართველოლოგის“ საგამომცემლო ჯგუფს.

მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის ნიმუში შეუძლიათ იხილონ მიბმულ ფაილში, რომელსაც შესრულებულ ნაშრომთან ერთად და პირადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  დამადასტურებელ მოწმობის ასლთან გადმოგზავნიან ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა უფასოა. პროექტი დაფარავს კვებისა და რეგიონიდან ჩამოსულ მონაწილეთა განთავსების ხარჯებს. სკოლა-კონკურსის ფინანსურ მხარეს უზრუნველყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“.

დამატებითი ინფორმაციისა და ზოგადი კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: kartvcentre@hotmail.com / zamtrisskola@gmail.com
Print

« იხ. ყველა სიახლე