2017-06-09

ესეების კონკურსი მოსწავლეებისათვის - "ნიკო ნიკოლაძე-ეროვნული/ევროპული ღირებულებები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო და კერძო სკოლების მე-9-12 კლასების მოსწავლეებს სთავაზობს ესეების კონკურსს, რომლის მიზანია ნიკო ნიკოლაძის-გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, გაზეთების გამომცემლის, პუბლიცისტის, მეცნიერის, პოლიტიკოსის, განმანათლებლისა და სახელმწიფო მოხელის საქართველოში და საქართველოსათვის გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობის წარმოჩენა.

ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით განხორციელებულ სხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებთან ერთად, რომლებმაც აგრარულ საქართველოში ინდუსტრიალიზაციის პროცესებს დაუდო დასაბამი, უმნიშვნელოვანესია ქ.ფოთის, როგორც ევროპული საპორტო ქალაქისა და მსხვილი სამრეწველო ცენტრის შექმნა. ამიტომ სრულიად კანონზომიერია, რომ კონკურსის დასკვნითი ეტაპი  ქ.ფოთში, 27 სექტემბერს ჩატარდება.

კონკურსანტმა უნდა შეადგინოს არგუმენტირებული ესე, ამისათვის: შეარჩიოს ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის რომელიმე ასპექტი ან ეტაპი, მოახდინოს ძირითადი იდეის/დებულების ფორმულირება, განიხილოს ეს იდეა/დებულება ეროვნულ/ევროპულ  ღირებულებათა კონტექსტში, გამოთქვას საკუთარი აზრი ამ იდეა/დებულებასთან დაკავშირებით (ეთანხმება თუ არ ეთანხმება), ახსნას თავისი პოზიცია (რატომ ეთანხმება ან არ ეთანხმება) და მოიყვანოს არგუმენტები და მაგალითები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. (არგუმენტირებული ესეს წერის წესს გაეცანით ბმულზე)

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ განაცხადი ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge, სადაც მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელ.ნომერი.

ესეს წარმოდგენის ბოლო ვადა - 15 სექტემბერი, 24:00სთ, ელექტრონულ ფოსტაზე junior@tsu.ge. ესე შესრულებული უნდა იყოს სტანდარტულ Word-ის ფაილში, მაქსიმუმ 300 სიტყვა, შრიფტი sylfaen, ზომა 12. მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი, გვარი.

შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება 27 სექტემბერს, 13:00 სთ-ზე. ქალაქ ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიის სამსახურის შენობაში.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის სამი გამარჯვებული მოსწავლის მგზავრობას ქ. ფოთში, დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თბილისი:597 222 616, ფოთი: 599 873 303.

Print

« იხ. ყველა სიახლე