2015-10-09

ლიტერატურული კონკურსი „საქართველო ჩემი სამშობლოა“

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი ახალგაზრდებისათვის ახორციელებს ლიტერატურულ კონკურსს „საქართველო ჩემი სამშობლოა“.

კონკურსის მიზანია საქართველოს მასშტაბით შემოქმედებითი უნარით გამორჩეული 14-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გამოვლენა პოეზიაში.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა გამოიწვევს ახალგაზრდებში წახალისებისა და გამოცდილების მიღებასთან ერთად ლიტერატურისადმი სიყვარულის და წერის ინტერესის გაღრმავებას, ამავდროულად ნიჭიერ ახალგაზრდებს  საშუალება მიეცემათ მათი შემოქმედება გახდეს პოპულარული საზოგადოებაში.

კონკურსის პირველ ეტაპზე მოხდება  მონაწილეების მიერ ნაშრომების წარმოდგენა, რომელსაც განსაზღვრულ ვადებში განიხილავს ჟიური და გამოავლენს შერჩეულ წარმატებული კონკურსანტების ლექსებს. მეორე ეტაპი გულისხმობს ლექსების კრებულის გამოცემას, რომელშიც დაიბეჭდება ლექსი ავტორის მოკლე ბიოგრაფიით და ფოტოსურათით. კონკურსის ბოლოს, სამინისტრო უზრუნველყოფს ლიტერატურულ კაფეში ლექსების  კრებულის  პრეზენტაციას და პროექტში მონაწილე ახალგაზრდების ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთაც აღნიშნული კრებული გადაეცემათ სასაჩუქრედ.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ ლექსები, როგორც ქართულ, ასევე მათ ეთნიკურ ენაზე პროექტის კოორდინატორთან 2015 წლის 25 ოქტომბრამდე.

პროექტის კოორდინატორის საკონტაქტო ინფორმაცია:
ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის,
პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
სალომე ბეშკენაძე
Email:s.beshkenadze@msy.gov.ge
Tel: 577 12 88 80

Print

« იხ. ყველა სიახლე