2014-06-04

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“

16 ივნისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სააქტო დარბაზში ჩატარდება  საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენციის „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“  საზეიმო გახსნა. ღონისძიებას დაესწრებიან  და მისასალმებელ სიტყვებს წარმოთქვამენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში კატერინა ბოლონიეზე, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები.  ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ პროფესორი ნანა გუნცაძე და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი.

ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ უნივერსალური ფასეულობების გავრცელებას, რომელთა მატარებელიცაა ევროპა, და ეს ღირებულებები განიხილოს ეროვნული იდენტობის კონტექსტში. მოხსენებების და მოხსენებათა შემდეგ გამართული დებატების დროს განხილული თემები ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების ინფორმირებას, მის მოდერნიზებას და საშუალებას მისცემს ქართულ საზოგადოებას, გაცნობიერებულად შეაჩეროს არჩევანი ევროპაზე.

პლენარულ სხდომაზე ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებული უაღრესად საინტერესო მოხსენებებით წარსდგებიან უცხოეთის და საქართველოს ცნობილი მეცნიერები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომელთა შორის იქნებიან:მარი-ან ისლერ-ბეგენი, ევროპარლამენტის საპატიო დეპუტატი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ევროპარლამენტის დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში,
ნატალი გულე, ორნის დეპარტამენტის სენატორი, მეგობრობის პარლამენტთაშორისი  ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი (ორნი, საფრანგეთი)
ზაალ ანდრონიკაშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლიტერატურისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი, (ბერლინი, გერმანია)
 ზურაბ გურული, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი,  პროფ.  მისისიპის უნივერსიტეტი  (აშშ)
სესილ ვესიე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტი რენი 2 (რენი, საფრანგეთი)
ბრუნო ნარდენი, მათემატიკის პროფესორი, ორლეანის უნივერსიტეტის ლოგიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საფრანგეთისა და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი (, საფრანგეთი)
ჟერარ დესონი, პროფესორი,  სორბონის უნივერსიტეტი Paris 8  საფრანგეთი.
კამელია ლელეზანი, მასტერ 1-ის სტუდენტი, პოლიტიკური სწავლებები, სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა (საფრანგეთი)
ქეთევან ნადარეიშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
როლანდ თოფჩიშვილი
 ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი    (თბილისი, საქართველო)  და სხვ.

კონფერენცია  ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, ევროკავშირის,   ასოციაცია Georgia Proeuropa-ს,   საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს   ორგანიზებით.

კონფერენცია 18 ივნისს დასრულდება

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1 თსუ  I კორპუსი, სააქტო დარბაზი


Print

« იხ. ყველა სიახლე