2014-04-16

„სოციალური მუშაკის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება“

23 აპრილს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „სოციალური მუშაკის როლი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში - საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება“.
საჯარო ლექცია ორგანიზებულია  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“  ფარგლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

ლექციას გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი კრიმინოლოგიასა და სოციალურ მუშაობაში, ენდრიუ ბერნჰარდი.

საქართველოში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სოციალური მუშაკების როლის აღიარება. სოციალური მუშაკების ბენეფიციარები ბავშვთა კეთილდღეობის, პრობაციისა და სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის, განათლების, ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის სფეროებში, იბრძვიან სირთულეების გადასალახად და მათი ცხოვრებისეული  პერსპექტივების რეალიზებისთვის. სოციალური მუშაკებისა და მათი ბენეფიციარების ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გართულებულია ეკონომიკური კრიზისის, სიღარიბისა და უთანასწორობის გამო.

საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა შექმნას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია სოციალური მუშაობის ინტეგრირება ამ სფეროში. სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ნელ-ნელა ხდება სოციალური მუშაკის როლის გააზრება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.  ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვანია  მართლმსაჯულების პროცესებში ადამიანზე ორიენტირებული  მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტურად ასამუშავებლად.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების მომზადება აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისა და შესაბამისად მომზადებული სოციალური მუშაკების დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

საჯარო ლექციას დაესწრებიან თსუ-სა და ისუ-ს სოციალური მუშაობის პროგრამების სტუდენტები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (სასჯელაღსურლების დაწესებულებები, პრობაციის ეროვნული სააგენტო, დანაშაულის პრევენციის ცენტრი) სოციალური მუშაკები და სხვა თანამშრომლები, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრები, სოციალური მუშაობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები, სფეროს ექსპერტები და სხვა.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია


Print

« იხ. ყველა სიახლე