2018-02-16

ბათუმის მუნიციპალიტეტის სტიპენდია სტუდენტებისათვის

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი ქვეპროგრამის „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 50 სტუდენტზე ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად.

ქვეპროგრამის ბენეფიციარები:

ქვეპროგრამით „ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სტიპენდიის გაცემის დროს პირველ ეტაპზე განიხილება იმ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი, რომლებიც სწავლობენ შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე/დარგებზე/სპეციალობებზე:
- ინჟინერია (მშენებლობა);
- არქიტექტურა;
- ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა;
- კულტურული მემკვიდრეობა;
- რესტავრაცია/კონსერვაცია;
- არქეოლოგია;
- განათლების მეცნიერებები;
- მასწავლებლის განათლება.

თუ პირველი ეტაპზე ვერ შეირჩა 50 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი, დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, მოხდება სხვა დანარჩენ საგანმანათლებლო მიმართულებებზე/დარგებზე/სპეციალობებზე ჩარიცხულ  საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტთა შერჩევა.

სტიპენდია არ გაიცემა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის მერვე სემესტრისა და მეორე საფეხურის მეოთხე სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტების საფუძველზე.

ბენეფიციართა შერჩევის წესი:

ქვეპროგრამის ფარგლებში სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის მეშვეობით.

განაცხადების მიღების ვადები:
-2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 26 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
-2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 24 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე.

სტიპენდიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
-განცხადება;
-საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
-2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
-მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
-ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;
-ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების შესახებ - თუ განმცხადებელი ბაკალავრია;
-ინფორმაცია საერთო სამაგისტრო პროგრამებზე მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში და ზოგად უნარებში მიღებული შეფასების შესახებ - თუ განმცხადებელი მაგისტრანტია.

სტიპენდიის ოდენობა და გაცემის წესი:

ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა სემესტრებში ერთხელ.
-2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიები გაიცემა არაუგვიანეს 2018 წლის მაისის თვისა და ერთობლივად მოიცავს 4 სასწავლო თვეს.
-2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2018 წლის ნოემბრისა და ერთობლივად მოიცავს 6 სასწავლო თვეს.

სტიპენდია გაიცემა თვეში 200 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო პირი:ლამზირა ბოლქვაძე
ტელ: 24-82-94
ელ.ფოსტა:bolqvadzelamzira@gmail.com


Print

« იხ. ყველა სიახლე