2016-09-06

სეზონური სკოლა "გარემოს (ატმოსფეროს) მონიტორინგის ქიმიური და მათემატიკური ასპექტები"

11 სექტემბერს, 09:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზონური სკოლა "გარემოს (ატმოსფეროს) მონიტორინგის ქიმიური და მათემატიკური ასპექტები" გაიხსნება. ლექციებს წაიკითხავენ ადგილობრივი პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სპეციალისტები იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტიდან (IEK-8).

სკოლის ხელმძღვანელია ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის უფროსი პროფესირი ბეჟან ჭანკვეტაძე და თანახელმძღვანელი IEK-8 ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ანდრეას ვანერი (თ.ს.უ საპატიო დოქტორი).

სეზონური სკოლის მიზანია ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ატმოსფეროს კვლევის, მონიტორინგის, მოდელირების და კონტროლის თანამედროვე მეთოდების, მიღწევების და ტენდენციების გაცნობა, აგრეთვე საქართველოში ამ მიმართულებით მომუშავე (ახალგაზრდა) მეცნიერების ურთიერთგაცნობა და მათი ძალისხმევის კონსოლიდაცია ჩვენს ქვეყანაში არსებული პროფესიული და მატერიალური რესურსის ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია აგრეთვე (ახალგაზრდა) ქართველ მეცნიერებსა და გერმანელ სპეციალისტებს შორის ახალი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება.

დარეგისტრირებულია 70-მდე მონაწილე (მათ შორის 60 სტუდენტი, როგორც თსუ, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან).

დამატებით ლექციებს წაიკითხავენ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ელიზაბეტ დინსდეილი და უილიამ ტონგი.

იხილეთ პროგრამა
Print

« იხ. ყველა სიახლე