2016-10-17

საერთაშორისო კონფერენცია ,,ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება

ევროინტეგრაცია და მისი თანმხლები ევროპეიზაციის პროცესი, როგორც ევროკავშირის ღირებულებების და ნორმების გავრცელების მექანიზმი, უაღრესად აქტუალურია თანამედროვე საქართველოსთვის, განსაკუთრებით 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. ასოცირების ხელშეკრულება საფუძველს ჰქმნის ქვეყნის პოლიტიკური განვითარების, ერთიანი ევროპული ბაზრის წვდომისა და ევროპული ღირებულებებისა და სტანდარდების დამკვიდრებისთვის; ამდენად, უდავოდ მნიშვნელოვანია ევროპეიზაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განზომილებების სათანადოდ გააზრება და ამ საკითხზე აკადემიური დისკურსის გაღრმავება. სწორედ ამ კონტექსტში გაიმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება“. კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 25-26 ოქტომბერს თბილისში (საქართველო). მულტიდისციპლინარულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში გამოცხადებულ სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო პროექტს გადაეცემა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტის მიერ დაარსებული პრიზი „პეგასი“.

კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის და ასოციაციის Georgia Proeuropa ფინანსური მხარდაჭერით.

პირველ კონფერენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: ევროპეიზაციის მრავალი განზომილება.

თარიღი: 25-26 ოქტომბერი, 2016
  • დრო: 09:30-18:00
  • მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ, I კორპ. N115
  • კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური და ფრანგული [სინქრონული თარგმანი]
Print

« იხ. ყველა სიახლე