2015-03-13

საგაზაფხულო სკოლის „ლიდერი“ პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლის „ლიდერის“ გახსნას თსუ რექტორი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ლიტვის რესპუბლიკის ელჩი იონას პასლაუსკასი, ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრი, ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, ცნობილი ბიზნესმენები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საგაზაფხულო სკოლა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. სკოლის მსმენელებს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ წარმატებული ბიზნესმენების, ელჩების, საქართველოს აღმასრულებელი ხლისუფლების წარმომადგენლების საჯარო ლექციები მოისმინონ, დაუსვან კითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.“
საგაზაფხულო სკოლის მსმენელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიესალმა. „მიხარია, რომ თსუ-ში აქტიური სტუდენტური ცხოვრებაა. სტუდენტები არა მხოლოდ სასწავლებლად დადიან უნივერსიტეტში, არამედ ემზადებიან ლიდერობისთვის, რათა მომავალში გადაიბარონ ქვეყანა და გახადონ წარმატებული. თქვენი სახით უნივერსიტეტი გაზრდის იმ თაობას, რომელიც საკუთარ მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში,“-აღნიშნა ნოდარ ხადურმა.     
პრეზენტაციაზე დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები მიესალმნენ სტუდენტებს და მომავალ შეხვედრებზე ისაუბრეს.
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, თსუ დოქტორანტმა ვახტანგ ჭარაიამ პროექტის მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, „პროექტი „ლიდერი“ მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 30 საუკეთესო სტუდენტის შერჩევასა და მათთვის სემინარების  ჩატარებას სამეწარმეო უნარების, პროფესიული ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის განვითარების მიზნით. სემინარებს ჩაატარებენ სახელმწიფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და წარმატებული ბიზნესმენები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმღვანელი პირები.“    
გამორჩეული სტუდენტები პროექტის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდებიან საკონფერენციო მივლინებით საზღვარგარეთ, ფასიანი პრიზებით და სიმბოლური საჩუქრებით. ყველა სტუდენტს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი.

Print

« იხ. ყველა სიახლე