2019-05-17

მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პოეტ მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო საღამოზე თსუ სტუდენტური თვითმმართველობის და გამომცემლობა არტანუჯის“ ორგანიზებით წიგნის „90 ამბავი - მუხრანი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მუხრან მაჭავარიანის შესახებ სხვადასხვა ავტორების მოგონებებია შესული.
ღონისძიებას მუხრან მაჭავარიანის შვილი ნანა მაჭავარიანი, თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
 „წიგნში წარმოდგენილია 90 მოგონება მწერლის ცხოვრებაზე - დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ეს არის გამომცემლობა არტანუჯის ძალიან ცნობილი სერია „თან საკითხავი“, რომელიც მოკლე-მოკლე ამბებით ახალგაზრდობას და დაინტერესებულ საზოგადოებას წიგნისკენ აბრუნებს,“ - განაცხადა ნანა მაჭავარიანმა.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის თეკლა გილაშვილის თქმით, საიუბილეო საღამოზე პოეტი მისმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გაიხსენეს. „ჩვენთან ერთად იმყოფება პოეტის შვილი ნანა მაჭავარიანი, მისი ახობლები, მეგობრები,  რომლებიც მოიგონეს მუხრან მაჭავარიანი. ასევე, დღეს გამომცემლობა არტანუჯის „90 ამბავი-მუხრანი“-ს პრეზენტაცია გაიმართა,“ - აღნიშნა სტუდენტმა.
პოეტი მუხრან მაჭავარიანი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. პირველად მისი ლექსები თსუ ლიტერატურულ ალმანახში „პირველი სხივი“ დაიბეჭდა. 

Print

« იხ. ყველა სიახლე