2015-05-14

პროფესორ ნიკოლაე დურას თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, პროფესორ ნიკოლაე დურას თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.    
თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორად აირჩია ცნობილი ფილოსოფოსი, თეოლოგი ნიკოლაი დურა, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ანთიმოზ ივერიელთან. მას  არაერთი სასიკეთო ნაბიჯი აქვს გადადგმული ამ მიმართულებით, აქვს საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ფილოსოფოსებთან და მისი არჩევა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არის იმის დადასტურება, თუ რა წვლილი აქვს მას შეტანილი მეცნიერების ამ დარგის განვითარებაში.“    
„ამ წოდების მინიჭებით ხდები უნივერსიტეტის წევრი, უნივერისტეტის მეგობარი, ატარებ ლექციებს და ვალდებული ხარ იზრუნო უნივერსიტეტის იმიჯზე, მისი ცნობადობის გაზრდაზე  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, მათ შორის ჩემს ქვეყანაში - რუმინეთში“,- აღნიშნა ნიკოლაე დურამ.    
თეოლოგიის დოქტორი, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის (რუმინეთი) სამი მონოთეისტური რელიგიის: ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი -კვლევისა და  შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლაე დურა რუმინული აკადემიური სივრცის გამოჩენილი მკვლევარია. იგი სახელგანთქმულია მსოფლიო სამეცნიერო წრეებში მულტიდისციპლინური კვლევებით - თეოლოგიისა და  საეკლესიო სამართლის, რელიგიისა   და სამართლის  ფილოსოფიის სფეროში.     
ქართულ აკადემიურ სივრცეში პროფესორი დურა 2006 წლიდან გამოჩნდა. იგი აქტიურად ჩაერთო ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაში როგორც ექსპერტი დისციპლინების: ანთროპოლოგია, რელიგიის ფილოსოფია და ქრისტიანული ეთიკა. დიდია მისი წვლილი თეოლოგიის მაინორ პროგრამის შედგენის საქმეში.    

Print

« იხ. ყველა სიახლე