2016-04-07

თსუ სტუდენტს რექტორის სტიპენდია გადაეცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის მეხუთე სტიპენდიატი ეთერ კოტრიკაძე დააჯილდოვა. თსუ რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2015/16 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მერვე სემესტრის სტუდენტი ეთერ კოტრიკაძე გახდა. დაჯილდოების ღონისძიებას  თსუ რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.
თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ კონკურსში გამარჯვება მიულოცა ეთერ კოტრიკაძეს და აღნიშნა: „მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანმა ირწმუნოს, რომ მისი სწავლა დაფასებულია და შემჩნეულია. შესანიშნავი ახალგაზრდობა გვეზრდება. ჩვენი ვალია აღმოვაჩინოთ ისინი და მივაქციოთ ყურადღება. ეთერი არის არა მხოლოდ ფაკულტეტის, არამედ მთელი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის გამარჯვებული. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პროფესორებს, რომლებიც მონაწილეობენ ასეთი ნიჭიერი კადრების ჩამოყალიბებაში“.
„ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია ამ კონკურსში გამარჯვება. ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც არის. ის მასშტაბი, რომელიც ყურს ჭრის - ერთადერთი მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით- ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო უნივერსიტეტის, ფაკულტეტის და კულტურის კვლევების კათედრის წევრების მიმართ. დიდი მადლობა უნივერსიტეტის რექტორს. ეს სტიპენდია ჩემთვის დიდი იმპულსია იმისათვის, რომ ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურაში სწავლა სწორედ თსუ-ში განვაგრძო. ძალიან ბედნიერი ვარ,“- განაცხადა თსუ რექტორის სტიპენდიატმა ეთერ კოტრიკაძემ.     
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით 2013/14 სასწავლო წლიდან, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად დაარსდა თსუ რექტორის სტიპენდია. სპეციალურმა კომისიამ შეარჩია მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრიატის სტუდენტი, რომელიც რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას -250 ლარს მიიღებს.
მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა  დამატებით კრიტერიუმებს - სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, სამეცნიერო სტატიების და პუბლიკაციების გამოქვეყნების კრიტერიუმებს  აკმაყოფილებს.



Print

« იხ. ყველა სიახლე