2011-07-03

საქართველოს წარმატება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში

1 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ როდნი ბასი ეწვია. 

ელჩმა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან დავით საყვარელიძესთან ერთად შეხვედრა სტუდენტებთან, პროფესორ–მასწავლებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „საქართველოს წარმატება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში“. ღონისძიებას  უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, რექტორის მოადგილე აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაესწრნენ. 

შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს მიერ შეფასების უმაღლეს საფეხურზე - პირველ კალათაში - მდგომარეობის შენარჩუნების აღნიშვნას მიეძღვნა. 

„ტრეფიკინგის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა 2006 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ამ სფეროში დაიხვეწა. 2006 წლიდან ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართვ  კანონის საფუძველზე მოქმედებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. ასევე, 2006 წლიდან, შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. ყველა ეს ღონისძიება ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებულ ეფექტურ საშუალებად იქცა“, –  განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ.

შეხვედრისას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებს შორის ჩატარებულ ესეების კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი გამოვლინდა. ნინო ფარსადანიშვილს და ნინო საღინაშვილს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცა. თსუ–ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემას თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით 2008 წლიდან სწავლობენ. 

„საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა. ქვეყანაში, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლა აქტიურად წამოიწყო და ეს პრობლემა თითქმის აღმოფხვრა, ტრეფიკინგის წინააღმდეგაც ილაშქრებს. ანგარიში ამის კარგი დასტურია“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. 

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 2011 წლის 27 ივნისს გამოაქვეყნა მე-11 ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების თაობაზე. საქართველო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მომზადებულ ანგარიშში შეფასების უმაღლეს კატეგორიაში მეხუთე წელია, ადგილს წარმატებით ინარჩუნებს. 

“საქართველო პრევენციულ ღონისძიებებს განაგრძობს, ბევრი კომპონენტის გათვალისწინებით ქვეყანა წარმატებული ხდება. აღნიშნული მიღწევა არის აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი და ეს პარტნიორობა საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებში აისახა“ , - განაცხადა აშშ–ს ელჩმა საქართველოში ჯონ როდნი ბასმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით 184 სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს ყოველ წელს აფასებს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნა და პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ამ საქმიანობაში. 

Print

« იხ. ყველა სიახლე