2014-05-05
შემეცნებითი პროექტის „თაობა L”-ის გამარჯვებული გამოვლინდა
![](/data/image_db_innova/PR/taoba1.jpg)
პროექტში 400-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტის კონსულტანტმა ლევან ბერძენშვილმა გამოავლინა გამარჯვებული - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ანანო ასპანიძე, რომელსაც პროექტის პარტნიორის - გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებული მთავარი პრიზი გადაეცა.
„კონკურსში მონაწილეობა მივიღე, რადგან ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ძალიან მინდოდა გამარჯვება, ძალიან განვიცდიდი. მიხარია, რომ გავიმარჯვე და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. პრიზად ავირჩიე 1000 ლარი, რადგან სასაჩუქრე წიგნების უმეტესობა უკვე მაქვს, ამ თანხით სხვა წიგნებს შევიძენ,“- აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა ანანო ასპანიძემ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას გამომცემლობებთან, განსაკუთრებით იმ გამომცემლობებთან, რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას გამოსცემენ. ეს პროექტი ჩვენი სტუდენტების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მხარდამჭერია პალიტრა L. პროექტი მართლაც შესანიშნავია, ჩვენი ინტერესია - რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩაერთოს მსგავს ღონისძიებებში.“
![](/data/image_db_innova/PR/taoba.jpg)
„გამომცემლობა პალიტრა L, როგორც წესი, ხელს უწყობს წიგნის კითხვის პოპულარიზაციას საზოგადოებაში, მათ შორის აქტიურად მუშაობს სტუდენტებთან ამ კუთხით. ამ შემთხვევეში თსუ-ს და გამომცემლობა პალიტრა L- ის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს , რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ განვითარდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. არ ველოდით ამდენი სტუდენტის დაინტერესებას,“ - განაცხადა გამომცემლობა პალიტრა L- ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა კევლიშვილმა.
გამარჯვებულისთვის დაწესებული იყო პრიზი 1000 ლარი ან წიგნის თარო 100 წიგნით იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალურ პრიზები პროექტის ყველა ფინალისტმა მიიღო.
« იხ. ყველა სიახლე