2015-06-01

პროფესორ პიტერ ალკენს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ პიტერ ალკენს  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ პროფესორები, სტუდენტები, ქართული უროლოგიური სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ცნობილ უცხოელ მეცნიერებს ვანიჭებთ საპატიო დოქტორის წოდებას. დღეს ჩვენ ეს საპატიო წოდება ქართული უროლოგიის ხელშეწყობისთვის, თსუ მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის მიმართულების მხარდაჭერისთვის მივანიჭეთ მსოფლიოში ცნობილ უროლოგს,  გერმანელ მეცნიერს, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს პიტერ ალკენს.“
„დიდი ხანია ვთანამშრომლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტთან.  ჩემთვის დიდი პატივია უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. არაერთი საერთო ღონისძიებები ჩაგვიტარებია და კვლავ ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას,“- აღნიშნა პროფესორმა პიტერ ალკენმა.
პიტერ ალკენი უროლოგ-კლასიკოსთა სკოლის წარმომადგენელია; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციებს.  იგი არის საოპერაციო ხელსაწყოს - ალკენის შემქმნელი. მკურნალობის ბევრი თანამედროვე მეთოდი საქართველოში პიტერ ალკენის მხარდაჭერით დაინერგა.    პიტერ ალკენს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება თსუ აკადემიური საბჭოს  დადგენილებით, ქართული უროლოგიური სკოლის განვითარებისა და ევროპულ სკოლასთან ინტეგრაციის ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.     

Print

« იხ. ყველა სიახლე