2017-10-05

ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის I საერთაშორისო კონგრესი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი "შარდ-სასქესო სიტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები" გაიმართა.

ღონისძიება თსუ რექტორმა  გიორგი შარვაშიძემ და საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, „ემ-ემ-ტე“ ჰოსპიტლის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა  გახსნეს.

„კონგრესს ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება, განხორციელდება ჩართვა შეერთებული შტატებიდან, სადაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება მოხდება; ვნახავთ რობოტს, რომელიც ატარებს ოპერაციას.  განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციას, რომელიც იყო ამ ძალიან საინტერესო შეხვედრის   ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. რამდენიმე დღე გაგრძელდება მუშაობა და  ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად სტუდენტებიც ჩაერთვებიან ამ კონფერენციაში,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს და რეგიონის წამყვანმა ექსპერტებმა და მეცნიერებმა (აშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო). წარმოდგენილი იქნა 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში, მოხდა ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონტრირება - პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს დაესწრო 200-მდე  სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.   

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გურამ ქარაზანაშვილის თქმით,  „ საქართველოს ონკოლოგიური უროლოლოგიის ასოციაცია  არის მულტიდისციპლინალური ასოციაცია, რომელიც აერთიანებს მრავალი სხვადასხვა სპეციალობის ექიმს და მეცნიერს, რომლებიც ებრძვიან შარდ-სასქესო სისტემის კიბოს. იმართება ძალიან მასშტაბური,  მაღალი სამეცნიერო და პრაქტიკული ღირეულებების მქონე ღონისძიება. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კონფერენცია პოზიტიურ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სპეციალისტებზე და ონკოლოგიის და ონკოლოგიური უროლოგიის განვითარებაზე.“

კონგრესი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

Print

« იხ. ყველა სიახლე