2016-05-11
თსუ-ში ახალი აკადემიური საბჭო აირჩიეს
![](/data/image_db_innova/PR/13147767_10153498893282233_1214290732887605677_o.jpg)
თსუ-ში შვიდივე საარჩევნო უბანი 17:00 საათზე დაიხურა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი დვალიძის ინფორმაციით, 791 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 666-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 84,1%-ია. თსუ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების (ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ახალგაზრდა ადვოკატები“, „განათლების რეფორმის მხარდამჭერთა ასოციაცია“) წარმომადგენლები და ინდივიდუალური დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლის კონსტანტინ სალუქვაძის განცხადებით „აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.“
თსუ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ხოლო ერთმა - თავად გააუქმა განაცხადი. თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 20 აპრილს გამოსცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი აკადემიური საბჭო მუშაობას 16 მაისიდან შეუდგება.
« იხ. ყველა სიახლე