2013-04-01

შეხვედრა 2012 წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ლიდერია სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები:  სულ დაფინანსდა 38 პროექტი, აქედან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 პროექტი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 7 პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 4 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 2 პროექტი, დანარჩენი 7 - დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის შედეგები: სულ დაფინანსდა 94 პროექტი, აქედან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  - 42 (39-ში წამყვანი, 3-ში თანამონაწილე) პროექტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 14 პროექტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  - 11 პროექტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 7 პროექტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - 4 პროექტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 3 პროექტი, ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი - 2 პროექტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი - 2 პროექტი, ეროვნული მუზეუმი - 2 პროექტი, დანარჩენი 10- დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში სულ დაფინანსდა 23 პროექტი, აქედან თსუ - 11 პროექტი, ილია - 5 პროექტი, დანარჩენი 7 - დან თითო-თითო აიღო სხვა დაწესებულებებმა.
უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და სსიპ – საქართვლოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ერთობლივ კონკურსში  სულ დაფინანსდა 11 პროექტი, აქედან თსუ - 5 პროექტი, აგრარული 2 პროექტი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების ს/კ ცენტრი 2 პროექტი, ილია და სამედიცინო უნივერსიტეტი 1 პროექტი.
2012 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის სულ  დაფინანსებული 77 პროექტიდან, თსუ-ს ეკუთვნის 30 პროექტი.
”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო გრანტების” კონკურსში საგრანტო დაფინანსება მიიღო 33 პროექტმა, აქედან თსუ-დან გამარჯვებული გახლავთ 17 პროექტი.
1 აპრილს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები  და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი სულხან სისაური სახელმწიფო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებსა  და მონაწილეებს შეხვდნენ.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2012 წელს  გამოცხადებული ფუნდამენტური, გამოყენებითი კვლევების და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილოებით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებთან და მონაწილეებთან შეხვედრაზე  2012 წლის საგრანტო კონკურსებში თსუ აქტივობა განიხილეს.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სამეცნიერო პროექტები შეაჯამა, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში თსუ მეცნიერულ კვლევებში ლიდერია. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 50 პროცენტი სწორედ თსუ-ს მეცნიერებმა მოიპოვეს. ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რადგან ეს როგორც ქვეყანას, ასევე უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესს წაადგება.“
„რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში ტრადიციულად თსუ ლიდერია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საუკეთესო შედეგები აჩვენა ფუნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით გამოცხადებულ კონკურსებში,“- აღნიშნა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა სულხან სისაურმა.


Print

« იხ. ყველა სიახლე