2012-04-23

თსუ–ს ახალი სამკითხველო დარბაზები შეემატა

23 აპრილს, უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს თსუ პირველ კორპუსში ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარლამენტის, აკადემიური წრეების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური და  მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზები აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურით და ტექნიკით. აქვს კომპიუტერული ცენტრი. სამკითხველო დარბაზებში დანერგილია თანამედროვე საბიბლიოთეკო მომსახურების ფორმები.
როგორც პრეზენტაციაზე თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, უნიკალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა. “წიგნადი ფონდის გარდა, ბიბლიოთეკაში განთავსდა კომპიუტერული რესურს-ცენტრი, ამიტომ, ჩვენ სტუდენტებს ყველანაირი საშუალება აქვთ მიიღონ თანამედროვე პირობებში თანამედროვე ინფორმაცია“, - აღნიშნა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
თსუ ბიბლიოთეკის დირექტორის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, მკითხველს შეუძლია სასურველი წიგნის მოძებნა როგორც ელექტრონული საძიებლის მეშვეობით, ასევე კვალიფიციური ბიბლიოთეკარის დახმარებით. “ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე საბიბლიოთეკო მომსახურების ფორმები. მკითხველს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული კატალოგით, ინტერნეტის საშუალებით შეუკვეთოს მისთვის სასურველი წიგნი, რომელსაც მოვუტანთ იმ დიდი საცავებიდან, რომელშიც მილიონობით წიგნია დაცული“,  - განაცხადა ზურაბ გაიპარაშვილმა.
“ერთგვარად სიმბოლურია, რომ ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს უნივერსიტეტში ასეთი მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა გაიხსნა. იგი უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში,  არამად პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. ამ სამაგალითო ბიბლიოთეკის გახსნა ალბათ იქნება წინაპირობა სტუდენტების სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
თსუ ბიბლიოთეკას დღეს უნიკალური გამოცემები შეემატა. უნივერსიტეტის რექტორის ოჯახმა თსუ-ს საჩუქრად გადასცა ბაბუის - აკადემიკოს შოთა მესხიას პირადი ბიბლიოთეკა, აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ბიბლიოთეკა გადასცა უნივერსიტეტს მისმა შვილიშვილმა, ცნობილმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა. დღეს გახდა ცნობილი, რომ მომავალში უნივერსიტეტს გადაეცემა აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის პირადი ბიბლიოთეკაც.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1918 წელს უნივერსიტეტის გახსნისთანავე შეიქმნა. მას  საფუძვლად  გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის კიტა აბაშიძის წიგნების პირადი კოლექცია დაედო. ამ კოლექციამ საფუძველი ჩაუყარა უნივერსიტეტის წიგნსაცავს,  რომელიც უმთავრესად კერძო პირების თუ დაწესებულებების შემოწირულობების ხარჯზე იზრდებოდა. პირველ კოლექციას შეემატა დავით სარაჯიშვილის, სვიმონ და საბა კლდიაშვილების, პეტრე მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე ცაგარელის, დიმიტრი ბაქრაძის, თედო ჟორდანიას, ვასილ პეტრიაშვილისა და სხვათა პირადი კოლექციები. დღეს თსუ ბიბლიოთეკა მილიონობით საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის.
     2008 წელს ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ასოციცაცია „ატუმ“ დაიწყო პირველი კორპუსის რეკონსტრუქცია. პროექტის მთავარი არქიტექტორია ელგუჯა ოსეფაიშვილი. ინტერიერის დიზაინის პროექტის  შექმნაში   მონაწილეობდა გერმანული კომპანია „Ellis Williams Architects”. პირველი კორპუსის რეკონსტრუქციის დამთავრების შემდეგ ბიბლიოთეკამ განსაკუთრებული ადგილი კვლავ  ისტორიულ შენობაში დაიკავა.
   


Print

« იხ. ყველა სიახლე