2012-05-15

გალერეის პრეზენტაცია თსუ-ში

15 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუზეუმის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. გალერეაში  მუზეუმის ფონდებში დაცული სახვითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა;
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ექსპოზიციაზე   წარმოდგენილია XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის ქართველი და უცხოელი მხატვრების ტილოები, რომელიც უნივერსიტეტის კოლექციაშია დაცული. “მნიშვნელოვანია, რომ გალერეაში მსგავსი საგანძური გამოიფინა. სტუდენტებს შეეძლებათ  დაათვალიერონ გამოფენა და გაეცნონ ცნობილი მხატვრების შემოქმედებას“, - აღნიშნა რექტორმა.
გამოფენა თემატურად, ჟანრობრივად, მასალისა  და ტექნიკის (ზეთი, აკვარელი, სანგინი და სხვა) თვალსაზრისითაც მრავალფეროვანია. წარმოდგენილია ვალერიან სიდამონ-ერისთავის, იოსებ სუმბაძის, გიგო გაბაშვილის, ჯიბსონ ხუნდაძის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლი ფარჯიანის, სევერიან მაისაშვილისა და სხვათა ტილოები. ამავე დროს, გამოიფინა გოგი და ირაკლი ოჩიაურების, ლევან ცუცქირიძის, თემო ყუბანეიშვილის და კორნელი სანაძის მიერ შესრულებული ილუსტრაციები ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე.
 “ექსპოზიცია 1 თვეს გასტანს. გამოფენა იქნება მუდმივი მაგრამ შეიცვლება კომპოზიციები. გალერეა ღიაა ყველა სტუდენტისთვის და დაინტერესებული პირისთვის“, - აღნიშნა მაია მუზეუმის დირექტორმა მაია გურაბანიძემ.
მხატვარმა გია გუგუშვილმა (უმცროსი) თსუ გალერეას დღეს ზეთში შესრულებული ტილო „ქართლი“ აჩუქა.



Print

« იხ. ყველა სიახლე