2016-05-25

გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა  „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები,“ რომელსაც თსუ    რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.   

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, „წარმოდგენილი ექსპოზიცია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი ისტორიის ერთგვარი გაცოცხლებაა. ნახატებზე კარგადაა დაჭერილი იმდროინდელი პოლიტიკოსების ხასიათი, რომელიც ცნობილმა მხატვრებმა ოსტატურად მოახერხეს და ჩანახატებში დააფიქსირეს. ჩვენმა ახალგაზრდა მკვლევრებმა მათ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებში მიაგნეს. ამ კუთხით დანახული პოლიტიკოსები, ვფიქრობ, გაცილებით უფრო დასამახსოვრებელი ფიგურები გახდებიან დამთვალიერებლებისთვის.“

„ჩვენთვის 1918-1921 წლების ეპოქა თავისუფლების ეპოქაა. თავისუფლება ხელოვანთა თავისუფლებასაც გულისხმობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, რომელიც იმდროინდელ პერიოდიკაში ვრცელდებოდა და რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული,“- აღნიშნა თსუ ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.  
  
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და დამფუძნებელ კრებაში შემავალი ოთხი ძირითადი პარტიის ლიდერების შესახებ შესრულებული ჩანახატები.   

მასალები მოძიებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული პერიოდული გამოცემებიდან.     ჩანახატები შესრულებულია შალვა ქიქოძის, ოსკარ შმერლინგისა და  მიხეილ ჭიაურელის მიერ.

კვირეულის ფარგლებში თსუ-ში 30 მაისს გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.):პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“; ხოლო 31 მაისს კი დაგეგმილია თსუ ბიბლიოთეკის საქართველოს დემორკატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება  „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შეარაღებული ძალები.“    


Print

« იხ. ყველა სიახლე