2009-10-07

გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის საჯარო ლექცია სახელმწიფო უნივერსიტეტში

გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის საჯარო ლექცია სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს საპატიო კონსული გერმანიაში, პროფესორი კლაუს ჰიპი ეწვია, რომელმაც ეკონომიკის ეთიკის თემაზე საჯარო ლექცია წაიკითხა.
ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოში და ახალი ინვესტიციების მოზიდვა წარმატებული სახელმწიფოს გარანტიაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე განხორციელებული რეფორმების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს მაღალრეიტინგული სტუდენტების უპრეცენდენტო რაოდენობის მიღება განხორციელდა. სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით შემუშავდა ახალი პროგრამები უმაღლესი განათლების ყველა დონეზე, შეიქმნა ინგლისურენოვანი ე.წ ელიტური ჯგუფები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები სხვადასხვა უცხოენოვან პროგრამებს დაეუფლებიან. გარდა ამისა, უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად იქცა მაღალპროფესიონალი სტუმრების მოწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების გამართვა. ამჯერად უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, ორი საათის განმავლობაში, საჯარო ლექცია თემაზე – „ეკონომიკის ეთიკა“ ცნობილმა გერმანელმა მეწარმემ წაუკითხა.
პროფესიით იურისტი კლაუს ჰიპი 1967 წელს პფაფენჰოფენში მამის გეორგ ჰიპის მიერ დაარსებულ საწარმოს ჩაუდგა სათავეში. სწორედ ეს კომპანია გახდა საბავშვო საკვების მწარმოებელი კომპანიის „ჰიპი“-ს შექმნის საფუძველი.
პროფესორი კლაუს ჰიპი 1998-2004 წლებში გახლდათ მიუნჰენის და ზემო ბავარიის ინდუსტრიული და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. 2001 წლიდან იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით კლაუს ჰიპს 2008 წელს გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის წოდება მიენიჭა. 2008 წლის ოქტომბრიდან კი, იგი საქართველოში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელია.
გარდა ამისა, აღსანიშნავია კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება აწარმოოს ბიო პროდუქტი. წარმოება ევროპული ბიო კავშირის მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. “მე გავყიდი მხოლოდ ისეთ პროდუქტს, რომელსაც ჩემი შვილებისთვისაც თავისუფლად გამოვიყენებ.” – კლაუს ჰიპის ეს სიტყვები კომპანიის დევიზად იქცა. მსგავსი ეკოპოლიტიკისთვის კლაუს ჰიპს 2001 წელს ევროპისა და მსოფლიოს გარემოს დაცვის სფეროში საპატიო ჯილდო გადაეცა, ხოლო 2007 წლიდან პროფესორი ფედერალური მინისტრის ზიგმარ გაბრიელის მიერ დაფუძნებული ეკოლოგიური ალიანსის წევრია.
Print

« იხ. ყველა სიახლე