2010-04-06

გერმანელ პროფესორს კლაუს ჰიპს თსუ–ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

6 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანელ პროფესორს კლაუს ჰიპს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ცნობილი მეწარმე და მიუნხენში საქართველოს საპატიო კონსული კლაუს ჰიპი თსუ–ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ეკონომიკის ეთიკასა და კვების მრეწველობაზე ლექციებს კითხულობს.
პროფესორი კლაუს ჰიპი 1998-2004 წლებში გახლდათ მიუნხენის და ზემო ბავარიის ინდუსტრიული და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი. 2001 წლიდან იგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ინდუსტრიისა და სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით კლაუს ჰიპს 2008 წელს გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის წოდება მიენიჭა. 2008 წლის ოქტომბრიდან კი, იგი საქართველოში გერმანული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელია.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული ტრადიციაა მოწვეული უცხოელი პროფესორების ლექციების გამართვა. ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე მე არაერთ საჯარო ლექციას ვკითხულობ და დღეს საპატიო დოქტორის წოდების მონიჭება მე ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, ამ ჯილდოს გავამართლებ“, – აღნიშნა სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, გერმანელმა პროფესორმა კლაუს ჰიპმა.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე