2017-08-09

თანამშრომლობის მემორანდუმები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და კიდევ ოთხ ქართულ უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  და ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს.

„უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტები შესაბამისობასი მოვიდა ევროპულ სტანდარტებთან. ამჯერად ევროპელ კოლეგებთან ერთად შეფასდება შესრულებული სამუშაო; დაიდება რეკომენდაციები, ამჯერად, რეგულირებადი მიმართულებების - სამართლის და მედიცინის მიმართულებებისთვის და უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება ექნებათ უფრო სერიოზულად მოემზადონ აკრედიტაცია-ავტორიზაციის ახალი სეზონისთვის,“- განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ.

„ხარისხის ცენტრთან ერთად ამ პროგრამაში ხუთი უნივერსიტეტი მონაწილეობს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ის ცოდნა, რომელსაც სტუდენტს ვაძლევთ, ამაღლდეს და  ევროგაერთიანების სტანდარტებთან შესაბამისობასი მოვიდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა იმისათვის, რომ მოხდეს იმ ცოდნის აღიარება, რომელსაც ჩვენი კურსდამთავრებულები იღებენ,“-აღნიშნა თსუ რექტორმა  გიორგი შარვაშიძემ.

ხელშეკრულების მიზანია საერთაშორისო ექსპერტების მიერ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელი შეფასება და ამ პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე