2012-10-30

ფილმის ჩვენება და დისკუსია „ლიტერატურა კინემატოგრაფში“

30 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მერაბ კოკოჩაშვილის მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმის „უსუი“-ს ჩვენება მოეწყო. ჩვენების დასასრულს გაიმართა დისკუსია თემაზე - „ლიტერატურა კინემატოგრაფში“.
„მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ეზიარონ ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით შექმნილ კინოს, რომელიც განსხვავებულია თავისი სპეციფიკით და საუკეთესო საშუალებაა შედარების გზით უკეთ გაიგონ - რა არის კინოენა“, - აღნიშნა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა.
ფილმი ირაკლი ლომოურის მოთხრობის მიხედვით 2005 წელს კომპანია „ნეოსტუდიოშია“ გადაღებული. მასში აღწერილია ცხოვრებისეული ამბავი აბსურდული დასასრულით: ახალგაზრდა მხატვარი ქუჩაში დაინახავს აფიშას, რომელზეც აწერია „უსუი“ და ცდილობს გაიგოს, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა. მთავარი გმირი იწყებს ძიებას როგორც საკუთარი თავის შესაცნობად, ასევე ამ სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად.
ირაკლი ლომოურის თქმით „ფილმის იდეა მარტივია - თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავად იპოვოს გზა გამოვიდეს კოშმარული რეალობიდან, ამისთვის მას მხოლოდ სურვილი და მოდნომება სჭირდება. ვფიქრობ სტუდენტებისთვის კარგია მსგავსი დისკუსიები და ისინი უფრო მეტს შეიტყობენ ქართული კინემატოგრაფის შესახებ“.
ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიური მკითხველებიც დააჯილდოვა. სტუდენტებს საჩუქრად უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები გადაეცათ.
„საბიბლიოთეკო პროცესების გარდა მნიშვნელოვანია სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებაც სტუდენტებისათვის. ჩვენ შევქმენით ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი, რომლის ფარგლებშიც კვირაში ერთხელ მსგავსი ღონისძიება დაიგეგმება. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ აქ მათთვის შექმნილია გარემო, სადაც შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების შემოქმედებას გაეცნონ და აქტიურად ჩაერთონ მათთან დისკუსიაში“, - აღნიშნა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე