2011-04-23

თსუ ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამაარსებლის 135 წლის იუბილეს აღნიშნავს. 23 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა დამფუძნებლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

„საუნივერსიტეტო საზოგადოება პატივს მიაგებს უნივერსიტეტის დამაარსებლის ხსოვნას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილის იუბილეს და წელს ეს თარიღი განსაკუთრებული იქნება. დამფუძნებლის 135 წლის იუბილეს ღონისძიებების ციკლი მიეძღვნება“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

იუბილის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე კონფერენციის ჩატარება, ერთ–ერთი მათგანი სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმში ჩატარდება. ასევე გაიმართება რეგიონული კონფერენცია, რომლის შემაჯამებელ სხდომას შემოდგომაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე განახლებულ პირველ კორპუსში უმასპინძლებენ.

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე 1876 წელს დაიბადა. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით 1918 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა.



Print

« იხ. ყველა სიახლე