2013-05-28

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თღსუ-ს შორის

28 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და თღსუ-ს რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტები კვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების კუთხით და სტუდენტთა თანამედროვე პროგრამებით მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ითანამშრომლებენ. კერძოდ, შეიმუშავებენ სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, მოახდენენ ერთობლივი კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას. ხელს შეუწყობენ სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომების, კრებულებისა და მონოგრაფიების გამოცემას.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „თსუ მოხარულია კერძო უმაღლეს სასწავლებლებს დაუმეგობრდეს. მსგავსი ხელშეკრულებები ქვეყანაში უმაღლესი განათლების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმის თანახმად, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტთან ურთიერთობას პრაქტიკული მიმართულებით დავამყარებთ: საუბარია ერთობლივ კონფერენციებზე, მკვლევრების მუშაობასა და გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე. ჩვენ იმის მომხრე ვართ, რომ კერძო საუნივერსიტეტო განათლება განვითარდეს, ძლიერი და კონკურენტუნარიანი გახდეს.“
„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. სხვა სარგებლობასთან ერთად, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს თსუ-ს აკადემიური მატერიალური რესურსების, ბიბლიოთეკის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ“, -აღნიშნა  თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა.
     

Print

« იხ. ყველა სიახლე