2015-05-22

აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის 110 წლის იუბილე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი ნოდარ ხადური, თბილისის მერი, პროფესორი დავით ნარმანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის  კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელის  აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძის დაბადებიდან 110 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
„უნივერსიტეტში აღინიშნება დიდი ქართველი ეკონომისტის, გამოჩენილი მეცნიერისა და ფინანსისტის ვასილ ჩანტლაძის იუბილე. მისი ნაშრომები აღიარებულია  არამარტო ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მისი მონაგრაფიები ჩინურ ენაზეც ითარგმნა. ის ტრადიციები, რომელსაც მან უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა, დღესაც წარმატებით გრძელდება“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„მოხარული ვარ, რომ პირადად ვიცნობდი ვასილ ჩანტლაძეს. მან მრავალი თაობა აღზარდა და უამრავი ნაშრომი შექმნა ფინანსების თეორიაზე.  მას თავის ერთ-ერთ მონოგრაფიაში შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებებიც აქვს წარმოდგენილი“ - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა.
საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის, თსუ ფინანსებისა და საბანკო საქმის  კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის თქმით, „ვასილ ჩანტლაძე ქართული ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი 70 წელზე მეტი ემსახურებოდა ამ დარგის განვითარებას და  40-ზე მეტი ასპირანტი, დოქტორანტი, მეცნიერების კანდიდატი აღზარდა. მისი წვლილი ამ მიმართულების განვითარებაში განუზომელია“.
„ვასილ ჩანტლაძე განეკუთვნება განსაკუთრებულ მეცნიერთა რიცხვს, ის გახლდათ კლესიკოსი მეცნიერი, კლასიკოსი ეკონომისტი. მან საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის სწორ ეკონომიკურ გზას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მოდელად იქცა და იქნება  მომავალშიც“, - განაცხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.
ღონისძიებაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძეს დიდი წვლილი მიუძღვის ფინანსური თეორიების მეცნიერულ დამუშავებაში. იგი 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის  პრობლემების კვლევის მთავარ სამეცნიერო ცენტრს - თსუ ფინანსებისა და კრედიტის კათედრას. გამოაქვეყნა 205-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი ნაშრომების უმეტესი ნაწილი ეძღვნებოდა ფინანსების თეორიას, ეკონომიკის დარგთა ფინანსებს, ფინანსების ისტორიას, ეკონომიკური აზრის ისტორიას, ეკონომიკურ ტერმინოლოგიას და სხვა. ვასილ ჩანტლაძის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე.
საიუბილეო ღონისძიებები აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძისა და აკადემიკოს პაატა გუგუშვილის საფლავების პატივისმიგებისა გვირგვინებით შემკობის ცერემონიალით დაიწყო.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის  კათედრა.  

Print

« იხ. ყველა სიახლე