2016-03-17
თსუ-ში აკადემიური საბჭოს სხდომა დასრულდა
![](/data/image_db_innova/PR/aaa.jpg)
აკადემიური საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადება გაკეთა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, „აკადემიური საბჭოს წევრებისა და ორივე მხარის სტუდენტების შეხვედრებზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც დაგროვდა უნივერსიტეტში, მათ შორის რექტორთან მიმართებაშიც. აკადემიურმა საბჭომ გამოთქვა სრული მზადყოფნა ინტენსიურად ჩაერთოს პროცესებში. „აუდიტორია 115-მა“ შეწყვიტა საპროტესტო აქცია, გარკვეული კომუნიკაცია ჩამოყალიბდა სტუდენტურ თვითმმართველობასთან. პრინციპული თანამშრომლობის გადაწყვეტილება მიღებულია. მე, როგორც უნივერსიტეტის რექტორს, გარკვეული ვალდებულებები მაქვს აღებული, რომლის შესრულებაც უნდა გავაგრძელო, რათა უნივერსიტეტში მდგომარეობა გაუმჯობესდეს.“
აკადემიური საბჭოს წევრმა პროფესორმა მარიამ გერსამიამ აკადემიური საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. „ჩემთვის, როგორც აკადემიური საბჭოს წევრისთვის მიუღებელია დაპირისპირებული სტუდენტები და დაპირისპირებული სტუდენტობა უნივერსიტეტში. მე ვერ ვიქნები მხარე, მე ვიქნები ყველა სტუდენტის გვერდით და ერთადერთი ასეთი ადგილი დღეს არის აუდიტორია, სადაც მე ვკითხულობ ლექციას,“- განაცხადა მარიამ გერსამიამ.
ხვალიდან, 17 მარტიდან, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი აღდგება. კორპუსი დატოვეს პოლიციის წარმომადგენლებმა. უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური კი განაგრძობს მუშაობას.
« იხ. ყველა სიახლე