2013-03-22

ქართველ და გერმანელ სტუდენტთა დისკუსია-სემინარი თსუ-ში

22 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და ჰაილბროუნის (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო ქართულ–გერმანული სტუდენტური დისკუსია–სემინარი გაიმართა თემაზე:  „საქართველო–ევროკავშირი“.
გერმანელ სტუდენტთა დელეგაციას ჰაილბროუნის უნივერსიტეტის  კულტურის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ზიგფრიდ კლინგი უწევდა კოორდინირებას. გერმანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის აკაკი ხელაძის განცხადებით, „ მსგავსი სახის შეხვედრები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუდიტორიაში მიღებული თეორიული ცოდნა დისკუსიაში, შესაძლოა, სხვაგვარად აღიქვა და გაიგო. დისკუსიის დროს შესაძლოა ახალი ხედვები და იდეები დაიბადოს. ამიტომ მომავალშიც არაერთი ქვეყნის სტუდენტებთან ვაპირებთ ასეთი სახის დისკუსია-სემინარების გამართვას.“
„ორმხრივ სასარგებლოა მსგავსი სახის სტუდენტური შეხვედრები, რადგან ასეთ შეხვედრებზე კონტაქტებთან ერთად მეცნიერულ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გამოცდილების გაზიარება ხდება. მსგავს ღონისძიებებს სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს“, -აღნიშნა პროფესორმა ზიგფრიდ კლინგმა.
სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.  
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰაილბროუნის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობა რამდენიმე წელია გრძელდება; ურთიერთობის ფარგლებში სტუდენტები და დოქტორანტები პერიოდულად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე