2010-08-31

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა

31 აგვისტოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი დანიშნა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
„ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა აღნიშნული შემოთავაზება. სახელმწიფო უნივერსიტეტი  ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამიტომ მინდა რომ თსუ იყოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოში. ვიწყებთ მზადებას ახალი სასწავლო წლისთვის, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდეს და შემდეგ უკვე მოვემზადებით რექტორის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ალექსანდრე კვიტაშვილმა რექტორის მოვალეობის პოსტზე პროფესორი ნუგზარ სურგულაძე შეცვალა, რომელიც აკადემიურმა საბჭომ 17 აგვისტოს თსუ–ს რექტორის გიორგი ხუბუას გადადგომის შემდეგ აირჩია.
„ჩემი გადაწყვეტილება ეყრდნობოდა მთავარ მოტივს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს კრიზისულ პერიოდში ჩავდგომოდი. დავთანხმდი წინადადებას იმ პირობით, რომ ღირსეული კანდიდატურის გამოჩენისთანავე მე მას ასპარეზს დავუთმობდი და ჩემს მეცნიერულ სამუშაოს დავუბრუნდებოდი, ასეთი კანდიდატურა ჩემი აზრით სწორედ ალექსანდრე კვიტაშვილია“, – განაცხადა პროფესორმა ნუგზარ სურგულაძემ.




Print

« იხ. ყველა სიახლე