2015-04-29

"არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია - გზა ევროპისაკენ“ გაიმართა.    
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს,  სასამართლოსა და სახელმწიფოს სხვა უწყებების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები  ესწრებოდნენ
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქართველოს გზა ევროპისკენ არის ურყევი და ამ მიმართულებით ქვეყანას მთელი რიგი რეფორმები აქვს გასატარებელი. ბუნებრივია, ეს რეფერმები გასატარებელია  ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი მოწყობის თვალაზრისით. დღევანდელი კონფერენცია, რომელიც  არასრულწლოვანთა კრიმინალური საკითხების რეგულირებას ეხება, ძალიან  მნიშვნელოვანია. კონფერენცია უკვე ტრადიციულია, მეხუთედ იმართება და ყველა მონაწილისთვის იქნება საინტერესო. შედეგები ძალიან მალე აისახება, რადგანაც ეს კონფერენცია უშუალოდ მიმართავს მთავრობას, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.“
„სამეცნიერო კონფერენციის განხილვის თემა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიმუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებათშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირისა და UNICEF-ის მხარდაჭერით. ეს არის პირველი კომპლექსური საკანონმდებლო აქტი, რომელიც  ბავშვთა უფლებების კონვენციის მაღალ იდეალებზე და დებულებებზე დაყრდნობით ქართულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას თანამედროვე, ევროპულ და საერთაშორისო  სტანდარტებზე წარმოადგენს.  პროქტი უკვე პარლამენტში არის წარდგენილი და მისი კანონად ქცევა ძალიან მოკლე დროშია გათვალისწინებული,“- აღნიშნა  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.
„ჩვენ ვაფასებთ სასამართლოსთან, პარლამენტთან  და უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, რომელიც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან. საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ეხება ბავშვებს და ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა ქვეყნის მომავალს ემსახურება. ჩვენ განვაგრძობთ საქრათველოში სასამართლო სისტემის  რეფორმას და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროცესში“,- ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.    
კონფერენციის პირველ ბლოკში სამართლის პროფესორმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და მოსამართლე რენატა ვინტერმა განიხილეს კოდექსის პროექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.  მოწვეულმა ექსპერტებმა ისაუბრეს გერმანული კანონმდებლობით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებზე, მათ მიმართ განხორციელებულ ევროპულ მიდგომებზე. თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა მორის შალიკაშვილმა წარადგენა მოხსენება თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტის კრიმინოლოგიური შეფასება“.  პროცესუალურ და სასჯელაღსრულებით ნაწილში არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულებითი პოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხზე აზრი გამოთქვეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და სხვა პრაქტიკოსმა იურისტებმა.



 

Print

« იხ. ყველა სიახლე