2012-04-18

თსუ-სა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის შეთანხმება გაფორმდა

18 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და მასარიკის უნივერსიტეტის რექტორმა მიკულაშ ბეკმა მოაწერეს.
როგორც თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, “მასარიკის უნივერსიტეტი სიდიდით მეორე უნივერსიტეტია ჩეხეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა სტუდენტთა გაცვლით დაიწყება და შემდგომ უფრო გაფართოვდება - მოხდება  პროფესორთა გაცვლა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება“.
დოკუმენტის თანახმად,  პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ყოველწლიურად მოხდება სტუდენტთა გაცვლა - აკადემიური სემესტრის ან 1 წელიწადის პერიოდით. გაცვლითი პროგრამა 2012 წლის შემოდგომაზე ამოქმედდება და მასში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
“მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეფორმებინა თანამშრომლობის შეთანხმება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს თანამშრომლობა სტუდენტების მიერ იყო ინიცირებული. როდესაც თანამშრომლობის ინიციატორი რექტორია, ურთიერთობა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს. როდესაც ინიციატივა სტუდენტისგან მოდის, მსგავსი თანამშრომლობა მომავალზეა გათვლილი“, - აღნიშნა მასარიკის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მიკულაშ ბეკმა.
მასარიკის უნივერსიტეტი 1919 წელს ბრნოში დაარსდა. ჩეხეთის სიდიდით მეორე უნივერსიტეტში 45 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
დღევანდელ ღონისძიებას მასარიკის უნივერსიტეტის დელეგაცია და ცეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი ესწრებოდნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე