2010-08-10
რექტორის პასუხი უნივერსიტეტის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებზე
![](/data/image_db_innova/PR/maka 410.jpg)
რექტორმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან უკანონოდ გატანილი წიგნების, თსუ–ში დაცული მატერიალური ფასეულობების, ტენდერისა და სახელფასო დანამატების შესახებ ისაუბრა. გიორგი ხუბუამ სამართალდამცავ ორგანოებს უნივერსიტეტის მხრიდან წარმოდგენილ მასალებზე დროული რეაგირებისათვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„გასული კვირის განმავლობაში უნივერსიტეტის წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდების შემცველი სატელევიზიო სიუჟეტი გაკეთდა, რომელშიც არაობიექტურად და მიკერძოებულად იქნა წარმოჩენილი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და მისი წარმომადგენლების საქმიანობა. აღნიშნული კამპანია მიმართულია, არა რექტორის, არამედ მთლიანად უნივერსიტეტის მიმართ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს შექმნას შესაბამისი გარემო სტუდენტებისათვის და პირობები პროფესორ–მასწავლებლების ღირსეული მოღვაწეობისათვის. ჩვენ გვესმის, რომ რთულია რეფორმებისა და ცვლილებების პროცესი, თუმცა ყველას ერთად გვამხნევებს უნივერსიტეტის იდეა, რომელიც ძლიერი საგანმანათლებლო კერაა და მისი გაფრთხილება და განვითარება ჩვენი ვალია. სწორედ ამიტომ რეფორმების გაგრძელება აუცილებელია“, – აღნიშნა ბრიფინგზე უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ.
ბრიფინგზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სპეციალური განცხადებაც გავრცელდა.
„2010 წლის აგვისტოში, მასმედიის საშუალებებით გადაიცა სიუჟეტები და გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც იყო მიკერძოებული, არაობიექტური და შეურაცხმყოფელი, ინფორმაცია შეიცავდა უნივერსიტეტისადმი უსაფუძვლო ბრალდებებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ მსგავსი სიუჟეტები მიზანმიმართულად ლახავს პირველი ქართული უნივერსიტეტის სახელს, მის პრესტიჟს, მის თანამშრომელთა ღირსებას და შეურაცხმყოფელია თითოეული უნივერსიტეტელისათვის, მთელი ქართული საზოგადოებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები თხოვნით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ დაინტერესებას სთხოვენ.
![](/data/image_db_innova/PR/maka 434.jpg)
უნივერსიტეტის რექტორმა კომენტარი მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებითაც გააკეთა. აღწერისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ თსუ–ს ადმინისტრაციამ პროკურატურას 2008 წლის 23 მაისს მიმართ.
![](/data/image_db_innova/PR/maka 419.jpg)
საგანგებო ბრიფინგზე რექტორის მხრიდან განცხადება ხელფასებთან დაკავშირებითაც გაკეთდა. უნივერსიტეტის რექტორის თქმით თსუ–ს აკადემიური პერსონალი დღეისათვის ღირსეულ ანაზღაურებას იღებს. გასულ წლებთან შედარებით უნივერსიტეტის პროფესორებს 10–15–ჯერ უფრო მაღალი ხელფასები ეძლევათ. რაც შეეხება რექტორის ანაზღაურებას, კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის რექტორი იღებს როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლის, ასევე მოქმედი სრული პროფესორის ხელფასს, აღნიშნული სახელფასო განაკვეთი შეთანხმებულია განათლების სამინისტროსთან.
უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრაზე ინიციატივითაც გამოვიდა. უნივერსიტეტის საქმიანობისა და მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ რექტორი ჟურნალისტებისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარდგება.
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სახელმწიფო უნივერსიტეტში გასულ კვირას შემოვიდა. სამი კვირის განმავლობაში კომისია იმ დოკუმენტაციას შეისწავლის, რომელიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უკლებლივ წარადგინა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე