2015-05-07

"გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები" (ICAE-2015) გაიხსნა.     
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  ზუსტ და საბუინებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, უნივერსიტეტის პროფესორები, ადგილობრივი და 19 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი დაესწრო.
„გამწვავებული ეკოლოგიური ფონის პირობებში, ჩვენი ქვეყნისთვის  ეკოლოგიის საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის დღეს. ეს ღონისძიება არ მოიცავს  ერთ რომელიმე ვიწრო დარგს, ეს არის დარგთაშორისი კონფერენცია, სადაც მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ერთ-ერთი სექცია ეძღვნება უნივერსიტეტის უხუცესი პროფესორის შოთა ცხოვრებაშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს. უნივერსიტეტი ულოცავს მას იუბილეს, უსურვებს ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც მთავარია, ისეთივე წარმატებულ და აქტიურ მონაწილეობას საუნივერსიტეტო საქმიანობაშო, როგორიც ის არის დღეს“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თსუ მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორ შოთა  ცხოვრებაშვილის 95 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც  კონფერენციის პირველი სექციის მუშაობა მიძღვნა. თსუ რექტორმა პროფესორი შოთა  ცხოვრებაშვილი უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
„უნივრსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ჩემი 95 წლის იუბილე აღენიშნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მის ხელმძღვანელებს. ჩემს საიუბილეო თარიღთან ერთად, დღეს თსუ კონფერენციას მართავს,  რომელიც ეკოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება.  ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საუკუნეში, რომ ბუნების დაცვა აუცილებელია და  ამ კონფერენციის მონაწილეები  დიდ საქმეს ემსახურებიან“,- აღნიშნა პროფესორმა შოთა ცხოვრებაშვილმა.
კონფერენცია შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში  (CF/75/9-280/14) გაიმართა. ღონისძიებას თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ ფაკულტეტის პროფესორი ლია მაჭავარიანი თავმჯდომარეობდა.
კონფერენციის გახსნის შემდეგ, თსუ მუზეუმის საგამეფონო დარბაზში ფოტოგამოფენა „საქართველოს ბუნება: გუშინ და დღეს“ გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია  XIX-XX საუკუნეებისა და  თანამედროვე  საქართველოს მყინვარების დინამიკა და ეკოლოგიური დაბინძურების ამსახველი ფოტოები. ასევე გამოფენილია ცნობილი ფოტოგრაფის  დიმიტრი ერმაკოვის ფოტო-კოლექცია, რომელიც თსუ გეოგრაფიის მუზეუმის არქივში ინახება (1200-მდე ფოტო, მათ შორის სტერეოფოტოები), ასევე წარმოდგენილია ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი და  XIX-XX საუკუნეების რელიეფური რუკები. გამოფენა ერთ კვირას გასტანს.
სამეცნიერო კონფერენცია "გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები"  9–10 მაისს მუშაობას გააგრძელებს ბათუმში.



Print

« იხ. ყველა სიახლე