2020-09-15

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს დისტანციურად (ონლაინ) დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად წელს თსუ-ში 5 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამასთან, თსუ-ში ჩარიცხულ პირველკურსელთა 46 პროცენტს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გრანტის მქონე სტუდენტების 35 პროცენტია. 
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტი მზად იყო ყველანაირი სცენარისთვის. „მოგვიწია  სწავლის დისტანციურად დაწყება. გადავანაწილეთ ჩვენი კურიკულუმები და სასემინარო მუშაობა. მთელი ჩვენი გუნდი -  პროფესურა, ადმინისტრაცია მზად არის იმისთვის, რომ დროულად  გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას.  საინტერესო სტუდენტური ცხოვრების დასაწყისს ვულოცავ სტუდენტებს. ვიმედოვნებ, რომ ამ მდგომარეობიდან საქართველო კვლავ წარმატებით გამოვა,“- განაცხადა თსუ რექტორმა, რომელიც თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ონლაინ სწავლების დაწყებას დაესწრო.
 ISET-ის დირექტორის თამარ სულუხიას თქმით, „170-მა პირველკურსელმა  დაიწყო სწავლა დღეიდან ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე. სასიხარულოა, რომ მათ შორის გვყავს საერთაშორისო სტუდენტები 3 ქვეყნიდან: აშშ-დან, საბერძნეთიდან და აზერბაიჯანიდან. ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ISET საბაკალავრო ეკონომიკის პროგრამა ქვეყანაში რეიტინგით პირველია ეკონომიკისა და ბიზნესის პროგრამებს შორის. როგორი მოდელითაც არ უნდა წარიმართოს სწავლა, ეს იქნება ონლაინ, ჰიბრიდული თუ სააუდიტორიო, ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულად უმაღლესი ხარისხის პროცესს, რათა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური ეკონომისტები.“
თსუ იურიდიულმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებმა 14 სექტემბრიდან სრულად დაიწყეს სწავლა დისტანციური მეთოდით.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კი  დისტანციურ სწავლებას 21 სექტემბერს დაიწყებს. თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ სტუდენტებს, განსკუთრებით პირველსემესტრელებს მიულოცა სწავლის დაწყება, წარმატებები და ახალ სიტუაციაში დროულად გარკვევა უსურვა. „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გადავედით სრულად ონლაინ სწავლებაზე, იმედი მაქვს დროებით. როგორც კი მოგვცემს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საშუალებას, ისევ დავუბრუნდებით აუდიტორიებს. მანამდე კი ყველა მობილიზებულია: ადმინისტრაცია, დამხმარე პერსონალი, სტუდენტები.“
COVID-19-ით გამოწვეული შექმნილი სიტუაციის გამო თსუ-ში სტუდენტებისთვის საშეღავათო სისტემა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულის სემესტრში ამოქმედდა. 2020-2021 სასწავლო წლისთვის კი ახალი საშეღავათო პირობები დაემატა: სწავლის საფასურის ეტაპობრივი გადანაწილება, შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება, საერთო საცხოვრებლებით (ბაგები, ლისი) შეღავათიანი პირობებით სარგებლობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 
საქართველოში პირველად, მხოლოდ თსუ-ს სამმა საგანმანათლებლო პროგრამამ მოიპოვა  საერთაშორისო აკრედიტაცია: 2020 წელს ორმა პროგრამამ - კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ABET), 2015 წელს კი თსუ-შპაიერის ერთობლივმა სამაგისტრო პროგრამამ „საჯარო მმართველობა“ (FIBAA), რაც ნიშნავს, რომ თსუ-ის ამ პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ნებისმიერ ქვეყანაში.   
ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ოქტომბერში  დასრულდება თსუ მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია და იურიდიული და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები უკვე ამ სემესტრიდან ისწავლიან მეორე კორპუსში. გარემონტდა  X (მაღლივი) კორპუსის მე-10-11-12 სართულები, სამკითხველო დარბაზები, ფოიეში მოეწყო თანამედროვე ტიპის სტუდენტური სივრცე. მსგავსი სტუდენტური სივრცეების მოწყობა იგეგმება ყველა სასწავლო კორპუსში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პროფესიული სწავლების ცენტრის თბილისისა და ქუთაისის ფილიალებს, პირველი სემესტრის ბოლოს დაიწყება XI (განივის) რეაბილიტაცია. 2023 წლისთვის დასრულდება ყველა სასწავლო და საკვანძო კვლევითი სივრცის რეაბილიტაცია. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ეროვნული უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც ევროპული განათლებისა და ღირებულებების მატარებელი ქართველი ინტელექტუალების მიერ დაარსდა. ის პირველია არამარტო საუკუნოვანი ისტორიით, არამედ გამოცდილებით და შესაძლებლობებით. 2021 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5 %-ში შედის (The U.S.News&World Report). ასევე, თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც  QS World University Rankings 2021 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაშია. ამ რანჟირებით, მსოფლიოს უნივერსიტეტიდან შერჩეულ საუკეთესო ათასეულში თსუ 601-650 პოზიციას იკავებს. ამასთან, თსუ წელსაც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings). უკვე მეხუთე წელია თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიის რეგიონიდან, რომელიც მოხვდა თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე