2012-05-15

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 3 სტუდენტური ორგანიზაცია და 10 დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავამ 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებისთვის რეგისტრირებული არიან: „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისათვის“ და „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“, ასევე 10 დამოუკიდებელი კანდიდატი: 1 იურიდიული ფაკულტეტიდან და 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 4 სტუდენტურმა ორგანიზაციამ და 24 დამოუკიდებელმა კანდიდატმა გამოთქვა. ცესკო-ს ინფორმაციით, სიებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა სტუდენტურ ორგანიზაციას “სტუდენტური ხმა“ და  13 დამოუკიდებელ კანდიდატს, 1 კანდიდატმა კი არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.
“სტუდენტურ ხმას“ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რადგან მათ სიებში ასობით სერიოზული დარღვევაა აღმოჩენილი. ორგანიზაციამ 1530 ხელმოწერის ნაცვლად 1390 ხელმოწერა წარმოადგინა, რომელშიც უამრავი ხარვეზი იყო დაფიქსირებული. ათობით გვარი არა მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტის, არამედ თსუ-ს საერთო სტუდენტურ ბაზაში არ იძებნება; გაყალბებულია ხელმოწერები, არასწორადაა მითითებული პირადი და ტელეფონის ნომრები“, - განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი გეგენავამ. მისივე ინფორმაციით, დოკუმენტაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.
საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე  154  მსურველია რეგისტრირებული.
საარჩევნო კომისიის  მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „IFES”  და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დააკვირდება. 12-ვე საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლებიც პირდაპირი გადაღების რეჟმში იმუშავებს. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეეძლება მიიღოს ვიდეოჩანაწერის  ნახვის უფლება. ცესკო-ს ინიციატივით, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესს, სურვილის შემთხვევაში, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. 2012 წლის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 მაისს გაიმართება.



Print

« იხ. ყველა სიახლე