2016-03-07

სტუდენტთა საპროტესტო აქცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილე სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის ღონისძიებებისთვის თსუ ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას აპროტესტებდნენ. აქციის მსვლელობისას გაჩნდა მეორე მოთხოვნაც - სტუდენტთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი.  
აქციის მონაწილე სტუდენტებს თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და თსუ აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრი შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრაზე თსუ რექტორმა აქციის მონაწილე სტუდენტებს სიმშვიდისკენ და კონსესუსისკენ მოუწოდა. „სტუდენტურ თვითმმართველობას და ე.წ სხვა სტუდენტებს შორის დაპირისპირების თემა ახალი არ არის, ეს წლებია გრძელდება და განსაკუთრებული სიმწვავე ამ თემას შესძინა კანცლერის არჩევნების პროცესმა. ამ პროცესში აკადემიურმა საბჭომ მეორე შერჩევისას დაასახელა კანდიდატი, რომელიც ადრე იყო დაკავშირებული სტუდენტურ თვითმმართველობასთან, რამაც გამოიწვია სხვა სტუდენტების მხრიდან პროტესტი. ჩემი, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ამოცანა არის, რომ უნივერსიტეტში შევინარჩუნოთ მთლიანობა, უნივერსიტეტი არ იყოს გაყოფილი, არ იყოს განხეთქილება და რაც მთავარია, უნივერსიტეტი  დაუბრუნდეს  სწავლის და სამეცნიერო კვლევის კალაპოტს. სტუდენტებს უფლება აქვთ ნებისმიერი ფორმით გამოხატონ თავისი პროტესტი. უნივერსიტეტი ღია საჯარო სივრცეა. რაც შეეხება აკადემიურ საბჭოს, მისი ყოველი წევრი დამოუკიდებელია. აკადემიურ საბჭოს ინსტიტუციურად არ შეუძლია ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრის პირადი საქმეა რა ნაბიჯს გადადგამს და ვის რას ურჩევს. ჩემი ნაბიჯი არის მიმართული იქითკენ, რომ უნივერსიტეტში არ იყოს განხეთქილება",- განაცხადა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

Print

« იხ. ყველა სიახლე