2016-04-05

თსუ-ში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა. აუდიტორიაში სტუდენტებისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და ლიტერატურა განთავსდა.
აუდიტორიის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე, თსუ და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ჟურნალისტიკისა და სახალხო დიპლომატიის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ფილიპ სეიბიმ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე მედიასაშუალებები, მედია, როგორც რბილი ძალის კომპონენტი.“
„შეხვედრაზე სტუდენტებმა ძალიან საინტერესო კითხვები დასვეს ისეთ გლობალურ საკიხებზე, როგორიცაა ტერორიზმი და მასთან გამკლავება. მე დიდ დროს ვატარებ ჩემს ამერიკელ სტუდენტებთან და როდესაც ვმოგზაურობ, ყოველთვის ვცდილობ შევხვდე იმ ქვეყნის სტუდენტებს, სადაც ვიმყოფები. თბილისში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმართება კონფერენცია, სადაც განიხილება ძალიან საინტერესო საკითხები სახალხო დიპლომატიაზე და ძალინ მოხარული ვარ რომ აქ ვიმყოფები“-განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ჟურნალისტიკისა და სახალხო დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ფილიპ სეიბიმ.
ამერიკელი პროფესორი ფილიპ სეიბი ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტია, იკვლევს კონფლიქტებსა და ტერორიზმის საკითხებს.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამარ მედულაშვილის თქმით, „4 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით საქართველოში იმართება ნატოს კვირეული და დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. უნივერსიტეტში გავხსენით ნატოსა და ევროკავშირის საინორმაციო კუთხე, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, გვაქვს შესაბამისი ლიტერატურაც, რომელიც სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი. დღევანდელი ღონისძიება პროფესორ ფილიპ სეიბის ლექციით გავხსენით და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული შეხვედრა იყო“.
ჩემი სამეცნიერეო კვლევის სფეროს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი და პირადად დამესვა შეკითხვები სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევრის ფილიპ სეიბისათვის. ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს სხვადასხვა სტატიასა და სამაგისტრო ნაშრომში“- აღნიშნა თსუ ამერიკისმცოდნეობის მაგისტრანტმა მარიამ ხატიაშვილმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე