2015-09-24

თსუ რექტორის ვიზიტი ჩეხეთში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩეხეთის კარლოსის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გააქტიურების და გაფართოების საკითხები თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას  ჩეხეთში ვიზიტის მთავარი თემა იყო. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რექტორმა ვლადიმერ პაპავამ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩომახიძემ ჩეხ კოლეგებთან არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლებაზე ისაუბრეს.
 2008 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ჩეხეთში არაერთი ქართველი სტუდენტი იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თსუ-ში ლექციები წაიკითხეს ჩეხმა პროფესორებმა. როგორც რექტორმა ვლადიმერ პაპავამ კარლოსის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან საგარეო ურთოერთობების საკითხებში იან შკრასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაფართოება, სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლის, ასევე კვლევითი პროექტების, ერთობლივი საზაფხულო სკოლების ორგანიზების და Erasmus Mundus-ისა და Erasmus+ პროგრამების ფარგლებში სტუდენტთა მობილობის კუთხით. მისი თქმით, ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს კარი გაეღო განათლების ევროპულ სისტემაში, შესაბამისად თსუ-ს წინაშე ახალი გამოწვევაა -  დაამკვიდროს განათლების ევროპული სტანდარტები. ვიცე-რექტორმა იან შკრამ, თავის მხრივ, კარლოსის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში თსუ-ს ახალდაცული დოქტორების მიწვევის სურვილი გამოთქვა.
კარლოსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიღწეულია შეთანხმება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე. მხარეთა შეთანხმებით დაიწყება მუშაობა მომავალ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთობლივი საზაფხულო სკოლის ორგანიზების შესახებ.
კარლოსის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია მსოფლიოში. იგი მე-14 საუკუნეში დაარსდა. დღეს კარლოსის უნივერსიტეტში 17 ფაკულტეტზე 51 ათასი სტუდენტი სწავლობს.
ვიზიტის ბოლოს, რექტორი ეწვია ჩეხი განმანათლებლის იან კომენსკის სახელობის პედაგოგიკის მუზეუმს და ბიბლიოთეკას ეწვია. ბიბლიოთეკის დირექტორმა მარკეტა პანკოვამ და თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ბიბლიოთეკასა და თსუ-ს შორის მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრებში მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძე.

Print

« იხ. ყველა სიახლე