2016-06-17

თსუ-ში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით თსუ-ში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აუდიტორია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თსუ რექტორის მ.შ. დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ.“ პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის როლი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში: „აუცილებელია ქართული სახელმწიფოებრიობის, პოლიტიკური ცხოვრების ხაზგასმა, სწორი აქცენტების გაკეთება. ბუნებრივია, ამ პროცესში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღვაწლის აღიარება, მისი ხსოვნის განმტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია. ის არა მარტო პირველი პრეზიდენტი იყო, არამედ იმ მოძრაობის სულისჩამდგმელი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა.“ გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა დამოუკიდებლობის ოცდახუთ წელზე, ქვეყნის წინაშე მდგარ მიზანზე - დამოუკიდებლობიდან თავისუფლების მიღწევაზე, თითოეული მოქალაქის როლისა და პოლიტიკურ აქტივობის მნიშვნელობაზე; უპასუხა სტუდენტთა კითხვებს, მათ შორის უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. „უნივერსიტეტში განვითრებულ პროცესებში არ ჩავერიე როგორც პოლიტიკოსი იმ ნათელი გააზრებით, რომ უნივერსიტეტი ავტონომიურია. რთული იყო არჩარევა, რადგან ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, მიყვარს ძალიან. ჩემს პიროვნულ, ინტელექტუალურ ემოციასთან არის დაკავშირებული ეს უნივერსიტეტი. ემოციურად ძალიან მინდოდა მოსვლა, მაგრამ პოლიტიკურად მესმოდა, რომ არ უნდა მოვსულიყავი. ეს არის წესი - პოლიტიკოსი არ უნდა ჩაერთოს საუნივერსიტეტო პროცესში. გადაწყვეტილება სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. ამიტომაც კომენტარს არ გავაკეთებ უნივერსიტეტის შიდა ცხოვრებაზე. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ამ პროცესში საჭიროა ინტენსიური დიალოგი. აუცილებლად უნდა შედგეს კომპრომისსა და დიალოგზე დამყარებული ურთიერთობა. უნივერსიტეტმა უნდა აჩვენოს, რომ ინტელექტუალებს შორის დიალოგი შესაძლებელია, რომ ურთიერთობების რესურსად არ იყენებენ ისტერიას, დაპირისპირებას, უხეშ ფორმებს - ამას გავლენა აქვს მთელ საზოგადოებაზე,“- აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.   

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საინტერესო ლექციისა და დიალოგისთვის, რომელიც აუდიტორიაში შედგა, ხოლო სტუდენტებს - შეხვედრაზე გამოხატული პოზიციისა და დამოკიდებულებისათვის. „ჩვენ სიამოვნებით გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას. ამ მხრივ, სტუდენტები მოდუნების საშუალებას არ მოგვცემენ არც თქვენ და არც ჩვენ,“- აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.

თავის მხრივ, სტუდენტებმა კმაყოფილება გამოხატეს მათ მოწვევაზე პრეზიდენტის გულისხმიერ გამოხმაურებასთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადეს საჯარო ლექციისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა 2015 წელს რექტორის სახელზე შეიტანა განცხადება თხოვნით, პირველი სასწავლო კორპუსის ერთ-ერთ აუდიტორიას მინიჭებოდა პირველი პრეზიდენტის სახელი. საკითხზე იმსჯელა საზოგადო მოღვაწეთა და მეცნიერთა უკვდავყოფის კომისიამ. თსუ რექტორის ბრძანებით, თსუ პირველი კორპუსის 317-ე აუდიტორიას მიენიჭა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი,  მეცნიერ-ფილოლოგი, მთარგმნელი და მწერალი ზვიად გამსახურდია იყო  საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1978 წელს იგი მერაბ კოსტავასთან ერთად აშშ კონგრესმა წარადგინა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. მისი ლიდერობით, 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა  საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დასრულდა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ზვიად გამსახურდიამ 1962 წელს დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1991 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

Print

« იხ. ყველა სიახლე