2017-10-20

მემორანდუმი თსუ-სა და ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური ინსტიტუტი განათლებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში ითანამშრომლებენ და ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ლომთაძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება. „საქართველო პატარა ქვეყანაა და რესურსების გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალურად, თანმშრომლობის რეჟიმში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თსუ-ს ორი სტუდენტი წავა იტალიაში, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ მოვახერხოთ ჩვენი სამეცნოერო პოტენციალის უტილიზაცია და გამოყენება იმ საშუალებების, რომელიც გააჩნია თსუ-ს და ექნება ცოტახანში ტექნოლოიგურ ინსტიტუტს,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ტექნოლოგიური ინსტიტუტი ის სამეცნიერო ცენტრია, რომელიც შეიქმნა მომავალი თაობებისთვის, უნვიერსიტეტის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც შემდგომ გაივლიან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს და დაიწყებენ ამ ცენტრში მუშაობას. იმედია, ახალაგზრდები ჩაერთვებიან ცენტრის ფუნქციონირებაში და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში,“-განაცხადა ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ლომთაძემ.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობა განათლებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში; სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემა; ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.

ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს, ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ექსპერიმენტებს, განავითარებენ საუნივერსიტეტო ტრადიციებს ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით; მოხდება გამოცდილების გაცვლა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ძირითად საკვანძო საკითხებზე; ასევე ჩატარება ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, ტრენინგები და მასტერკლასები;

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც საგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სისტემის სასწავლო გეგმების, დიდაქტიკური მასალების განვითარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა მიმდინარეობს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, „ცენტრი ქართველ მეცნიერებს მისცემს საშუალებას, რომ ეზიარნონ უცხო მკვლევრების მიღწევებს და გაიყვანონ საქართველო სულ სხვა სამეცნიერო ასპარეზზე. დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე“.
           




Print

« იხ. ყველა სიახლე